მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სოცდახმარებას იღებს იმაზე მეტი ადამიანი, ვიდრე არის სიღარიბის ზღვარს ქვემოთ - კობახიძე

ირაკლი კობახიძე

პირველად ხდება ისე, რომ სოცდახმარებას იღებს იმაზე მეტი ადამიანი, ვიდრე არის სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ადამიანების რაოდენობა, - ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ინტერპელაციისას განაცხადა. კობახიძემ ამ მოცემულობის მიზეზი განმარტა და აღნიშნა, რომ ეს მაჩვენებელი გადასახედია.

„პირველად ხდება ისე, რომ სოცდახმარებას იღებს იმაზე მეტი ადამიანი, ვიდრე არის სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ადამიანების რაოდენობა. ანუ ღარიბებზე მეტი იღებს სოცდახმარებას, ეს საქართველოს ისტორიაში პირველად ხდება 1990-იანი წლებიდან მოყოლებული.

რა თქმა უნდა, ეს მაჩვენებელი არის გადასახედი, გამომდინარე იქიდან, რომ ერთგვარი მორატორიუმი იყო გამოცხადებული 2020 წლიდან. კოვიდის დროს ობიექტური მიზეზების გამო, სოცდაუცველთა რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა, მაშინ გვქონდა სერიოზული ეკონომიკური პრობლემები, ეკონომიკა შემცირდა 6.5%-ით, ამან გამოიწვია ბიუჯეტში პრობლემები და გაიზარდა სოცდაუცველთა რაოდენობა. მას შემდეგ ერთგვარი მორატორიუმი იყო გამოცხადებული. შესაბამისად, არათუ აკლდებოდა რაოდენობა, ემატებოდა. თუმცა ამას არ აქვს კავშირი მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუარესებასთან“, - განაცხადა "ქართული ოცნების" მთავრობაში პრემიერმა.

მისივე თქმით, ამჟამად ეკონომიკა იზრდება, რაც იწვევს სიღარიბის დონის შემცირებას.

„რეალურად სიღარიბის მაჩვენებელი გასული ოთხი წლის განმავლობაში განახევრდა. იყო 21.3% სიღარიბის მაჩვენებელი და შარშანდელი მონაცემებით, 9.4%-მდეა ჩამოსული. ეს არის ეკონომიკური ზრდის შედეგი. 2020 წლის ბოლოს ჩვენი ეკონომიკა ერთ სულ მოსახლეზე იყო 4300 დოლარი, ახლა ერთ სულ მოსახლეზე ასულია 9200 დოლარამდე და პირველად ისტორიაში გადასცდება 10 000 დოლარს. ეკონომიკა გაიზარდა, ამან გამოიწვია სიღარიბის დონის შემცირება“, - თქვა მან.

კობახიძის თქმითვე, ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ს რაოდენობით, ევროკავშირის წევრ ყველა ქვეყანას, ყველაზე ღარიბ ქვეყანასაც კი, დაახლოებით 30-40 %-ით ჩამოვრჩებით.

ცნობისთვის, სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემებით, ოქტომბერში საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა 708,245 იყო. ამ ადამიანებისთვის საარსებო შემწეობის გადახდაზე ოქტომბერში ჯამში 71 მლნ ლარზე მეტი დაიხარჯა.

გასული წლის ბოლოს სოცდახმარების მიმღებთა რაოდენობა 671 337 იყო, რაც მოსახლეობის 18.1%-ს შეადგენდა. ხოლო აბსოლუტური სიღარიბის მაჩვენებელი 9.4% იყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები