მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სოცდახმარების შეწყვეტისას შემოსავლებთან ერთად ხარჯებიც უნდა იქნეს გათვალისწინებული - ანდრია ურუშაძე

ანდრია ურუშაძე

ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი ანდრია ურუშაძე BMG-თან საუბრისას ამბობს, რომ უჩნდება განცდა, რომ მთავრობამ მოქალაქეებს სოციალური დახმარება არჩევნებამდე, ხმების მისაღებად დაუნიშნა, ახლა კი ბუნდოვანია, რის საფუძველზე უჩერებს.

ცნობისთვის, 26 ივნისს, პარლამენტში წლიური ანგარიშის წარდგენისას პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საარსებო შემწეობა 22 707 ოჯახს შეუწყდა. 1 ივნისის მდგომარეობით სახელმწიფომ ჯამში 40 ათასზე მეტი ოჯახი შეამოწმა და აქედან ნახევარზე მეტს დახმარება მოუხსნა. ამით კი როგორც კობახიძე ამტკიცებს, 55 მლნ ლარამდე დაიზოგა.

"როგორც წესი, სოციალური დახმარება და სოციალური მდგომარეობა ფასდება როგორც შემოსავლებით, ისე ხარჯებით. ძალზე მნიშვნელოვანია ზუსტად ვიცოდეთ, რომ ეს გადაწყვეტილება ითვალისწინებდა სწორედ ხარჯების მხარესაც, იყო სამართლიანი და რაც მთავარია, ემყარებოდა მტკიცებულებებზე დაფუძნებულ მეთოდოლოგიას, რათა სხვა ადამიანებსაც იგივე სამართლიანობის გრძნობა გაუჩნდეთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, გვრჩება შთაბეჭდილება, რომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში ეს დანიშვნები პოლიტიკური მიზანშეწონილობით ხდებოდა, გაიფლანგა ძალიან დიდი რაოდენობით თანხა და მერე, როცა ეს ადამიანები ბრჭყალებში რომ ვთქვათ აღარ დასჭირდათ, ან მათი ხმები აღარ დასჭირდა ხელისუფლებას, ამ პირთა სიიდან ამოღება გადაწყვიტეს. იმისათვის, რომ საზოგადოებას ასეთი შთაბეჭდილება არ დარჩეს, აუცილებელია, მთავრობა აკეთებდეს განმარტებას. უკეთეს შემთხვევაში, უნდა ხდებოდეს საკითხის დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი შესწავლა. ამის მეთოდოლოგიები და მიდგომები არსებობს, მაგრამ ბოლო წლებში იმდენად დასუსტდა არასამთავრობო სექტორი და იმდენად შემცირდა, ზოგადად, დამოუკიდებელი კვლევების მხარდაჭერა, რომ ძნელი დასაჯერებელია, მსგავსი რამ მოხდეს", - ამბობს ურუშაძე.

ცნობისთვის, 2026 წლის თებერვალში ცნობილი გახდა, რომ მთავრობა სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმებას იწყებდა. მიზანი რეკორდულად გაზრდილი შემწეობის მიმღებთა შემცირებაა, რომელთა დახმარებაზეც ყოველ თვე ბიუჯეტიდან 71 მლნ ლარზე მეტი იხარჯებოდა. გადამოწმების ერთ-ერთი კრიტერიუმი შემოსავალია. კერძოდ, გადამოწმდებიან ისინი, რომელთაც ბოლო 3 თვის განმავლობაში თვიურად 2000 ლარის შემოსავალი ჰქონდათ.

სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, მაისში საარსებო შემწეობას 605 033 პირი (153 171 ოჯახი) იღებდა, აპრილთან შედარებით, შემწეობის მიმღებთა რიცხვი თითქმის 41 ათასით შემცირდა. აღსანიშნავია, რომ აქ შედიან ის პირებიც, რომელთაც სოციალური მომსახურების სააგენტო ამოწმებს და შემდეგ თვეში შესაძლოა, კიდევ გაუგრძელდეთ სოციალურად დაუცველის სტატუსი და მიიღონ შემწეობა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები