"ეს სისტემა „ქართულმა ოცნებამ“ შექმნა. შესაბამისად, სისტემის არაეფექტურობაზე პასუხისმგებლობაც სწორედ „ქართულ ოცნებას“ ეკისრება" - ამის შესახებ BMG-ის ეკონომისტმა გიორგი ხიშტოვანმა სოცდაუცველთა სისტემაზე საუბრისას განუცხადა.
ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, სოციალურად დაუცველთა ბაზაში რეგისტრირებული ოჯახების გადამოწმების აქტიური პროცესი იწყება. მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა, რომ რომ სახელმწიფო მხოლოდ რეალური საჭიროების მქონე ადამიანებს უნდა ეხმარებოდეს.
"მმართველმა გუნდმა ეს სისტემა საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენა. ამის დასადასტურებლად ფაქტებს მოვიშველიებ:
პირველი, ეს არის ე.წ. „ქულის აწევა“, რის შედეგადაც უფრო მეტ ადამიანს გაუჩნდა წვდომა სოციალურ შემწეობაზე. ეს არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე მოხდა და აშკარა ელექტორალური დანიშნულება ჰქონდა. ხელისუფლებას მეტი ამომრჩევლის გული უნდა მოეგო. თუ დღეს ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ბევრი ბენეფიციარი სინამდვილეში „შეძლებულია“, გამოდის, რომ თავის დროზე „ქართულმა ოცნებამ“ ეს ადამიანები სისტემაში მათი პოლიტიკური მოსყიდვის მიზნით ჩართო.
მეორე, ფაქტია დასაქმების სრულიად უსარგებლოა პროგრამა, რომელსაც, ჩემი აზრით, ასევე მხოლოდ წინასაარჩევნო ფუნქცია ჰქონდა. პროგრამის გაუქმების შემდეგ, სავარაუდოდ, არცერთი ადამიანი რეალურად დასაქმებული არ დარჩენილა. სოციალური დახმარების მიმღები პირები მუნიციპალურ სამსახურებში ფორმალურად დასაქმდნენ, შეუნარჩუნდათ შემწეობა და ამ გზით დამატებით შემოსავალსაც იღებდნენ. მსგავსი ფაქტები ბევრია და ეს ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ თუ სისტემა უვარგისია, მისი ავტორი სწორედ „ქართული ოცნებაა“, რომელიც სოციალურ პოლიტიკას პოლიტიკური მანიპულაციისთვის იყენებდა.
მესამე, არსებობს უამრავი კვლევა, რომლებმაც მეცნიერულად დაადასტურა, რომ საქართველოს სოციალური დახმარების სისტემა არაეფექტურია. ის ვერ უზრუნველყოფს ხალხის ამოყვანას სიღარიბიდან და ფუნდამენტურ გადახედვას საჭიროებს. უკანასკნელი 12 წლის განმავლობაში მომზადებულ არაერთ კვლევაზე ხელისუფლებას რეაგირება არ მოუხდენია. პირიქით, ისინი სულ უფრო მეტ ადამიანს ხდიდნენ ამ სისტემაზე დამოკიდებულს", - აცხადებს ხიშტოვანი.
დღეისათვის, შემწეობის მიმღები ოჯახების რაოდენობა 185 ათასს აღემატება, ხოლო ასეთი ოჯახების წევრთა რაოდენობა ჯამში, 710 000-ს შეადგენს.
სტატისტიკა აჩვენებს, რომ 2026 წლის იანვარში შემწეობის მიმღებთა რიცხვი 2 ათასით კიდეც გაიზარდა და ჯამში დახმარება 710 226 ადამიანმა მიიღო. აქედან 245 995 პირი დასაქმების სახელმწიფო პროგრამის მოსარგებლეა.
სოცდაუცველთა დახმარებაზე ყოველ თვე ბიუჯეტიდან 71 მლნ ლარზე მეტი იხარჯება, მთლიანად სოციალური უზრუნველყოფის ბიუჯეტი კი 1.6 მილიარდ ლარია.




























