"ფასების საპარლამენტო კომისიის" სხდომაზე „ნიკორა ტრეიდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, თემურ ალექსანდრიამ სექტორში არსებულ საფასო პოლიტიკაზე ისაუბრა. მისი განმარტებით, სოციალურად მნიშვნელოვან პროდუქციაზე ბიზნესი ხშირად მინიმალურ მარჟას აწესებს.
ალექსანდრიას თქმით, ფასდაკლების პროცენტულობა პირდაპირ არის დამოკიდებული პროდუქციის ტიპსა და მის დანიშნულებაზე.
„როგორც წესი, სოციალურად მნიშვნელოვანი პროდუქტები იყიდება მინიმალური მარჟით და ხშირად ზარალითაც. მაგალითად ნახსენები იყო ზეთი. შესაძლებელია თვითღირებულებაზე დაბალ ფასადაც გაიყიდოს, რათა უზრუნველყოფილიყო მაქსიმალური წვდომა ჩვენი მოქალაქეებისთვის სოციალურად მნიშვნელოვან პროდუქტებზე. არის კატეგორიები, სადაც პრომოს წილი მაღალია ძალიან, შეიძლება ითქვას, რომ უმეტესი ნაწილი პრომოში იყიდება და არის კატეგორიები, სადაც პრომოს მიმართ საერთოდ ელასტიურობა მინიმალურია და არ იყიდება. ამიტომ, ძალიან განსხვავებულია პროდუქტის კატეგორიების მიხედვით“, - განაცხადა მან.
„ნიკორა ტრეიდის“ ხელმძღვანელმა ასევე განმარტა, თუ რა პრინციპით იგეგმება საფასო აქციები ქსელურ მარკეტებში. მისი თქმით, ფასდაკლება მხოლოდ პროდუქციის ვადასთან არ არის დაკავშირებული და მას სოციალური დატვირთვაც აქვს.
„[ფასდაკლება] პირველ რიგში, ეს არის მიმზიდველობის ფაქტორის შექმნა, არ არის პირდაპირ მაინც და მაინც ვადასთან დაკავშირებული და მათ შორის სოციალური ფაქტორიც არის. ჩვენი აქციები ისე იგეგმება, რომ თვის განმავლობაში თვის სამყოფი კალათა ხელმისაწვდომ ფასად იქნეს შეძენილი. ჯგუფდება ცილები, ცხიმები და ა.შ. ყველა კატეგორიაში თითქმის ყოველთვის გარკვეული აქციაა“, - ამბობს თემურ ალექსანდრია.
დღეს პარლამენტში საფასო პოლიტიკის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის რიგით მეშვიდე სამუშაო სხდომა იმართება. ამჯერად დეპუტატები მსხვილი საცალო ქსელების ოპერატორებს ხვდებიან, რათა ბაზრის სტრუქტურა, ფასწარმოქმნის ჯაჭვი და საოპერაციო პროცესები განიხილონ.
მანამდე კომისიამ უკვე გამართა ექვსი შეხვედრა, რომლებზეც მოუსმინეს კვერცხის, რძის, ხორცპროდუქტების, ხილ-ბოსტნეულის, პურ-პროდუქტებისა და სხვა პირველადი მოხმარების საგნების მწარმოებლებსა და იმპორტიორებს.
საგამოძიებო კომისიამ მუშაობა, სავარაუდოდ, აპრილის ბოლომდე უნდა დაასრულოს და წარმოადგინოს დასკვნა ქვეყანაში პროდუქტებზე ფასების ფორმირების მიზეზების შესახებ. პარალელურად, კომისიის გადაწყვეტილებით ფასწარმოქმნის სტრუქტურად უცხოური კომპანია შეისწავლის, რომლის გამოსავლენადაც საერთაშორისო ტენდერია დაგეგმილი.




























