დღეს, 11:30 საათზე სოციალური მუშაკები პრობაციის ეროვნულ სააგენტოსთან აქციას გამართავენ. პროტესტით ისინი სოციალური მუშაკების სამსახურიდან გათავისუფლების ფაქტს ეხმაურებიან.
სოციალურ მუშაკთა გაერთიანების ინფორმაციით, 2024 წლის 25 დეკემბერს სსიპ დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულ სააგენტოში რამდენიმე სოციალურ მუშაკს დაურეკეს და აცნობეს, რომ 2025 წლიდან აღარ უგრძელებენ შრომის ხელშეკრულებას და თავისუფლდებოდნენ დაკავებული თანამდებობიდან.
"ჩვენ, სოციალურ მუშაკთა პროფესიული თემი, ვეხმაურებით 25 დეკემბერს სოციალური მუშაკების სამსახურიდან გათავისუფლების ფაქტს. მაშინ, როდესაც ქვეყანაში კვალიფიციური სოციალური მუშაკების დეფიციტია, აღნიშნული სპეციალისტებისთვის ხელშეკრულების მოულოდნელი შეწყვეტა აჩენს საფუძვლიან ეჭვს, რომ ქმედებას აქვს პოლიტიკურ შეხედულებით დისკრიმინაციის საფუძველი.
მოვუწოდებთ: სოციალურ მუშაკებს, პროფესიის მხარდამჭერებსა და ყველა მოქალაქეს, ჩაერთეთ პროტესტში! ერთობლივი ძალისხმევით დავიცვათ თითოეული დასაქმებულის უფლება!
ლოკაცია: პრობაციის ეროვნული სააგენტოს ოფისი, ალ. ყაზბეგის გამზირი 42" - წერია სოციალურ მუშაკთა გაერთიანების მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.