მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“სოციალური პროგრამები შავ ყუთად გადაიქცა” - ანდრია ურუშაძე

ანდრია

საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების პროგრამა წელს ბიუჯეტს 104,3 მილიონი ლარი დაუჯდება, 1,5 მილიონით მეტი, ვიდრე ეს მთავრობას თავდაპირველად ჰქონდა გათვალისწინებული.

როგორც ცნობილია, ამ პროგრამის ბენეფიციარები არიან სოციალურად დაუცველი მოქალაქეები, რომლებიც სხვადასხვა საბიუჯეტო ორგანიზაციაში ასრულებენ დამხმარე სამუშაოებს, მაგალითად დასუფთავების, მზარეულის ასისტენტის, დარაჯის, საკვების მიმტანის და სხვა სერვისების მიმართულებით, სანაცვლოდ კი 300 ლარის ანაზღაურებას იღებენ.

პროგრამა 2022 წლის პირველი მარტიდან ხორციელდება. პირველ წელს ამ პროგრამის ბიუჯეტი 40 მილიონი ლარი იყო, 2023 წელს 80 მილიონ ლარზე მეტი, წელს კი 102,7 მილიონი იყო გამოყოფილი, თუმცა მთავრობის შესაბამის დადგენილებაში ცვლილებით, ეს თანხა 104,3 მილიონ ლარამდე გაიზარდა, რაც ამ პროგრამის მოქმედების ისტორიაში რეკორდული თანხაა.

ჯანდაცვის და სოციალური დაცვის ყოფილი მინისტრის ანდრია ურუშაძის შეფასებით, ეს და სხვა პროგრამები, რომელსაც მთავრობა სოციალურ სფეროში ახორციელებს, აცდენილია მთავარ მიზანს, ხელი შეუწყოს ამ ადამიანების პროფესიულ განვითარებას. მისი თქმით, საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების პროგრამა “ოცნების” მომხრეების ფულის დარიგების ინსტრუმენტად იქცა.

“ის პროგრამები, რომელზედაც ჩვენ გვესმის, განსაკუთრებით სოციალურ სფეროში, რაღაც შავ ყუთად გადაიქცა, ანუ ჩვენ ვიცით, რა თანხას ხარჯავს მთავრობა, ამის იქით ძალიან ცოტაა ინფორმაცია. ინფორმაცია არის ცოტა, მაგრამ რაც ვიცით, რომ ნახოთ მაგალითად ვაკანსიების ჩამონათვალი, რომელიც ამ პროგრამის მიხედვით რიგდება სახელმწიფო დაწესებულებებში, როგორ ხდება შერჩევა ამ ადამიანების, როგორ ხდება ადმინისტრირება სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოქალაქეების, დავინახავთ, რომ ის აცდენილია მთავარ ამოცანას, შეამციროს სიღატაკე, ხელი შეუწყოს პროფესიულ განვითარებას, სწავლებას.

როგორც წესი, სამწუხაროდ ეს პროგრამები გადაიქცა ხელისუფლების მომხრეებისთვის ფულის დარიგების ინსტრუმენტად, ეს არის სამწუხარო, იმიტომ, რომ როგორც კი ეს სამინისტროები და ეს პროგრამები ხდებიან ერთი პარტიის გავლენის ქვეშ, მაშინვე პარტიული ინტერესები მოდის წინ და არა სოციალური ამოცანები”-აცხადებს ანდრია ურუშაძე.

როგორც ქართულმა ოცნებამ დაანონსა, საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების პროგრამა 4 წელზეა გათვლილი. სახსრები სოციალურად დაუცველი მოქალაქეებისთვის ბიუჯეტში მომავალ წელსაც გაითვალისწინეს. ამ მოცემულობით პროგრამის ფარგლებში 103,3 მლნ ლარის დახარჯვაა გეგმაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები