მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Sound Ventures-მა $435 მილიონი Anthropic-ის 7-მილიარდიან წილად აქცია

Anthropic Sound Ventures

როდესაც ხელოვნური ინტელექტის ასისტენტ Claude-ის, ენობრივი მოდელებისა და პროგრამირების ინსტრუმენტების შემქმნელი კომპანია Anthropic დღეს დილით საფონდო ბირჟაზე გავიდა, გამოქვეყნებული მაჩვენებლები შთამბეჭდავი აღმოჩნდა.

სან-ფრანცისკოში დაფუძნებულმა AI-კომპანიამ დაახლოებით 81.3 მილიარდი დოლარი მოიზიდა, ეს ისტორიაში ყველაზე დიდი თანხაა, რომელიც კომპანიას აქციების პირველადი საჯარო შეთავაზებით (IPO) მიუღია. Anthropic-მა Nasdaq-ზე ვაჭრობა ტიკერით ANT დაიწყო.

Anthropic-მა აქციების ფასი 83 დოლარით განსაზღვრა, რაც მოსალოდნელ 70-78-დოლარიან დიაპაზონზე მაღალი იყო. ვაჭრობის დაწყებისას აქციების ფასი 111.50 დოლარს მიაღწია, თუმცა Yahoo Finance-ის მონაცემებით, დღის მეორე ნახევარში დაახლოებით 98 დოლარამდე შემცირდა.

ეს კომპანიის ადრეული ინვესტორებისთვის უზარმაზარ ფინანსურ სარგებელს ნიშნავს. მათ შორის ერთ-ერთი ჰოლივუდთან არის დაკავშირებული. საინვესტიციო კომპანია Sound Ventures, რომელიც 2015 წელს ტალანტების მენეჯერმა გაი ოსირიმ და მსახიობმა ეშტონ კაჩერმა დააარსეს, Anthropic-ის დაახლოებით 0.5%-იან წილს ფლობს. Bloomberg-ის შეფასებით, ამ წილის ღირებულება დაახლოებით 7 მილიარდი დოლარია.

შედარებისთვის, აქამდე ყველაზე დიდი IPO-ს რეკორდი SpaceX-ს ეკუთვნოდა. ივნისში კომპანიამ აქციების საჯარო შეთავაზებით 75 მილიარდი დოლარი მოიზიდა. მესამე ადგილზე, გაცილებით დიდი სხვაობით, სამხრეთკორეული მეხსიერების ჩიპების მწარმოებელი SK Hynix-ია, რომელმაც ივლისში აშშ-ის საფონდო ბირჟაზე განთავსებით 26.5 მილიარდი დოლარი მოიზიდა, Renaissance Capital-ის მონაცემებით.

IPO-ს ფასის მიხედვით, Anthropic-ის საბაზრო ღირებულება, სრულად განზავებული აქციების რაოდენობის გათვალისწინებით, დაახლოებით 1.5 ტრილიონ დოლარს შეადგენდა. ეს მაჩვენებელი თითქმის უტოლდება Meta Platforms-ისა და Tesla-ს საბაზრო ღირებულებებს, რომლებიც ბოლო მონაცემებით, შესაბამისად, 1.58 და 1.52 ტრილიონ დოლარს შეადგენს, The Motley Fool-ის ცნობით.

თუმცა ყველაზე მაღალი შეფასებით საფონდო ბირჟაზე გასვლის
რეკორდი კვლავ SpaceX-ს ეკუთვნის - 1.77 ტრილიონი დოლარი. სწორედ ამიტომ მიიპყრო გასულ კვირას ყურადღება Anthropic-ის მოსალოდნელზე დაბალმა IPO-შეფასებამ.

Anthropic-ის საბაზრო ღირებულება მრავალი ინდუსტრიული სახელმწიფოს მთლიან შიდა პროდუქტსაც აღემატება. მათ შორისაა ინდონეზია, საუდის არაბეთი და შვეიცარია, Worldometer-ის მონაცემებით. კომპანია 2021 წელს დაარსდა.

Sound Ventures-მა Anthropic-ში პირველი ინვესტიცია 2023 წელს განახორციელა და კომპანიის C სერიის დაფინანსების რაუნდში 35 მილიონი დოლარი ჩადო, TechCrunch-ის ინფორმაციით. მომდევნო დაფინანსების რაუნდებშიც საინვესტიციო კომპანიამ მონაწილეობა მიიღო და Bloomberg-ის მონაცემებით, ჯამში დაახლოებით 435 მილიონი დოლარი დააბანდა.

იმავე წლის გაზაფხულზე Sound Ventures-მა ხელოვნურ ინტელექტზე ორიენტირებული 240-მილიონიანი საინვესტიციო ფონდიც შექმნა, რომლის პორტფელშიც როგორც Anthropic-ის, ისე OpenAI-ის წილები მოხვდა.

Bloomberg-ის მიერ დასახელებული 7 მილიარდი დოლარის ღირებულება Anthropic-ის 1.4-ტრილიონიან სამიზნე შეფასებას ეფუძნებოდა. შესაბამისად, ხუთშაბათის სავაჭრო ფასების გათვალისწინებით, Sound Ventures-ის წილის ღირებულება კიდევ უფრო მაღალია.

უცნობია, ამ თანხიდან უშუალოდ ეშტონ კაჩერს რა წილი ეკუთვნის. ინვესტიციის უმეტესი ნაწილი ფონდის ინვესტორების კაპიტალზე მოდის.

ამასთან, მსახიობი Sound Ventures-ს უკვე აღარ ხელმძღვანელობს. მან კომპანია მიმდინარე წელს დატოვა და მორგან ბელერთან ერთად ახალი საინვესტიციო ფირმა დააარსა, რომელიც ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურაზე, ენერგეტიკასა და ღრმა ტექნოლოგიებზე იქნება ორიენტირებული. ამის შესახებ The Wall Street Journal-მა ივლისში დაწერა. კატჩერი Sound Ventures-ის მრჩევლად რჩება.

ყველაზე დიდი ფინანსური სარგებელი Anthropic-ის შვიდმა თანადამფუძნებელმა მიიღო. მათ შორის არიან კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი დარიო ამოდეი და პრეზიდენტი დანიელა ამოდეი.

Fortune-ის მიერ გასულ თვეში გამოქვეყნებული ინფორმაციისა და კომპანიის S-1 დოკუმენტის მიხედვით, თანადამფუძნებლები ჯამში დაახლოებით 1.69 მილიარდ აქციას ფლობენ, რაც კომპანიის მთლიანი აქციების დაახლოებით 10%-ია.

IPO-ს 83-დოლარიანი ფასის გათვალისწინებით, თითოეული თანადამფუძნებლის წილის ღირებულება დაახლოებით 19-20 მილიარდ დოლარს შეადგენდა. ხუთშაბათს დღის მეორე ნახევარში, როდესაც აქციების ფასი დაახლოებით 98 დოლარი იყო, მათი ქონების ღირებულება 23-24 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა.

თანადამფუძნებლებს საკუთარი ქონების უდიდესი ნაწილის ქველმოქმედებისთვის გადაცემის პირობა აქვთ დადებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები