ამერიკის შეერთებული შტატების ბენჩმარკული საფონდო ინდექსი - S&P 500, რომელიც მსოფლიოს ნომერ პირველი ეკონომიკის მქონე ქვეყნის ხუთას უდიდეს კომპანიას აერთიანებს, რეკორდულ ნიშნულამდე გაიზარდა.
ამ დროისთვის, S&P 500-ის ინდექსის მაჩვენებელმა 5,710 პუნქტს გადააჭარბა, რაც ყველა დროის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. თავად ეს ფაქტი პირდაპირ უკავშირდება ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალური რეზერვის მიერ გუშინ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის შემდეგ, რეფინანსირების განაკვეთი 5%-მდე შემცირდა.
ჯერომ პაუელის უწყების გადაწყვეტილება ინვესტორებმა დადებითად მიიღეს. S&P 500-თან ერთად, ერთდღიან ჭრილში ზრდა NASDAQ-ის კომპოზიტურმა ინდექსმაც აჩვენა, რომელიც ამერიკის უდიდეს ტექნოლოგიურ კომპანიებს აერთიანებს.
დიდ კომპანიებთან ერთად, ინვესტორებმა შედარებით მცირე ზომის კომპანიების და მეტად სარისკო აქტივების შესყიდვა დაიწყეს, რაზედაც Russel 2000-ის მომატება და ბიტკოინისა და ეთერის ფასის ზრდა მიუთითებს. წამყვან ინდექსებთან ერთად გაიზარდა Dow Jones-ის ინდუსტრიული საშუალო და ევროპული საფონდო ბირჟის კუმულაციური ინდექსი.