მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

S&P-მა საქართველოს სუვერენული რეიტინგი BB დონეზე დატოვა, სტაბილური პერსპექტივით

S&P Global

საერთაშორისო საკრედიტო სააგენტო S&P Global-მა საქართველოს სუვერენული რეიტინგი უცვლელად, BB დონეზე დატოვა, სტაბილური პერსპექტივით.

უახლესი შეფასების თანახმად, რომელიც 6 თებერვალს გამოქვეყნდა, სტაბილური პერსპექტივა ასახავს საქართველოს მყარ ეკონომიკურ და ფისკალურ მაჩვენებლებს, რასაც ნაწილობრივ აკომპენსირებს მისი დამოკიდებულება პოტენციურად დროებით მამოძრავებელ ფაქტორებზე, კერძოდ, მიგრაციასთან დაკავშირებულ შემოდინებებსა და მოკლევადიან კაპიტალის შემოდინებებზე.

შეფასებაში აღნიშნულია, რომ საქართველოს მცირე, ღია ეკონომიკა დაბალი ინფლაციის პარალელურად ეკონომიკის მაღალ ზრდას აგრძელებს. სარეიტინგო სააგენტოს მოლოდინია, რომ ზოგადი მთავრობის დეფიციტი ზომიერი დარჩება და 2026-2029 წლებში მშპ-ს საშუალოდ დაახლოებით 2.3%-ს შეადგენს. ასევე აღნიშნავს, რომ უცხოური ვალუტის რეზერვები 2019 წლიდან თითქმის გაორმაგდა, რაც ასახავს მიგრაციის, კაპიტალის შემოდინებისა და სატრანზიტო ვაჭრობის ზრდას, ზრდის სტიმულირებას და ფისკალური და საგარეო შედეგების გაძლიერებას.

სარეიტიგნო სააგენტო ყურადღებას ამახვილებს, რომ საქართველოში შიდა პოლიტიკა კვლავ პოლარიზებულია და აშშ-სთან და ევროკავშირთან ურთიერთობები მთელი რიგი ფაქტორების გამო რთულდება. სწორედ ესაა ფაქტორი, რომელმპაც პოტენციურად რეიტინგის გაუარესება შეიძლება განაპირობოს კერძოდ, თუ პოლიტიკური დაძაბულობა იმდენად გამწვავდება, რომ ინვესტორების ნდობა შეირყევა და საქართველოს ზრდის პერსპექტივა შესუსტდება. რეიტინგზე ზეწოლა ასევე შეიძლება წარმოიშვას, თუ 2022 წელს რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ დაფიქსირებული კაპიტალისა და მიგრაციის დიდი შემოდინება შეიცვლებოდა ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში. ამ კონტექსტში ასევე აღნიშნულია, რომ რეიტინგი ასევე შეიძლება ზეწოლის ქვეშ აღმოჩნდეს, თუ საჯარო ფინანსები ან გარე ბუფერები გაუარესდება, ან თუ შეღავათიანი დაფინანსება მნიშვნელოვნად შემცირდება, რაც შესაძლოა ხანგრძლივი პოლიტიკური გაურკვევლობის ან მმართველობითი პრობლემების შედეგად იყოს გამოწვეული.

ამის საპირისპიროდ, სააგენტომ საქართველოს შეფასება შესაძლოა გააუმჯობესოს, თუ საგარეო ბუფერები კიდევ უფრო გაძლიერდება, რასაც მხარს დაუჭერს ვალუტის რეზერვების დაგროვების გაგრძელება, ან თუ ფისკალური შედეგები გადააჭარბებს მოლოდინს. უფრო მაღალი რეიტინგი ასევე შეიძლება იყოს პოლიტიკური დაძაბულობის შემსუბუქების შედეგი, რაც ხელს შეუწყობს უფრო პროგნოზირებად პოლიტიკის შემუშავებას და ძლიერ პოლიტიკურ საყრდენებს, მათ შორის ევროკავშირში გაწევრიანების განახლებულ იმპულსს, თუ ევროპის საბჭო გადახედავს პროცესის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილებას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები