მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Spacebox : დეკემბერში გაყიდვების გასამმაგებას ველოდებით

SPACEBOX

შოკოლადის ბოქსების მწარმოებელი ქართული კომპანია Spacebox დეკემბერში გაყიდვების გასამმაგებას ელოდება.

როგორც კომპანიის დამფუძნებელი ანუკა კაკაბაძე BM.GE-სთან ამბობს, წლევანდელი საახალწლო სეზონი მოთხოვნის მკვეთრი ზრდით დაიწყო და უკვე ფიქსირდება როგორც კორპორაციული, ისე საცალო მომხმარებლების წინასწარი ჯავშნები. გაზრდილი ინტერესის საპასუხოდ კომპანიამ ბაზარზე ორი ახალი ბოქსი წარადგინა – „კოსმოსური სანტას“ 47-ლარიანი ბოქსი და ბიუჯეტური 28-ლარიანი საშობაო მინი-ბოქსი.

ამ ეტაპზე Spacebox მომხმარებელს ცხრა დიზაინის ბოქსს სთავაზობს. კაკაბაძის თქმით, ახალი დიზაინების დამატება უკავშირდება როგორც გაზრდილ მოთხოვნას, ისე მომხმარებელთა სურვილს ყოველ წელს ახალი საახალწლო წინადადება მიიღონ : "სამი წელი ერთსა და იმავე საშობაო ბოქსს ვყიდდით და დრო იყო განახლების,“ – ამბობს Spacebox-ის დამფუძნებელი.

ანუკა კაკაბაძის თქმითვე, თუ გასული წლის დეკემბერში მოთხოვნა განსაკუთრებით კორპორაციულ სეგმენტში დაბალი იყო, წელს ვითარება რადიკალურად შეიცვალა. კომპანიებმა საახალწლო საჩუქრებისთვის მზადება ბევრად ადრე დაიწყეს და Spacebox-სთან ჯავშნები უკვე სექტემბრიდან დაეწყო.

„წელს აშკარად სხვა განწყობაა – კომპანიებიც და საცალო მომხმარებლებიც უფრო ორგანიზებულად ემზადებიან. უკვე გვაქვს წინასწარი ჯავშნები, ამიტომაც გასული წლის დეკემბერს ვერც შევადარებთ მიმდინარე მონაცემებს. შარშან ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების ფონზე გაყიდვები დაბალი იყო, ახლა კი მოლოდინი გვაქვს, რომ შედეგი მინიმუმ სამჯერ ან ოთხჯერ გაიზრდება,“ – აცხადებს კაკაბაძე.

კომპანიამ რამდენიმე ბოქსზე ფასი დაახლოებით 3%-ით დააკორექტირა, რაც ნედლეულის გაძვირებამ განაპირობა.

„წინა წლის დეკემბერში, იმპორტირებული ნედლეულის ფასი მკვეთრად გაიზარდა, მაგრამ მაშინ კორექტირება არ გაგვიკეთებია, რადგან გაყიდვებიც ჩავარდნილი იყო და ფაქტობრივად ჩვენ დავიკელით. წელს კი ცვლილება აუცილებელი გახდა – საბოლოოდ, ჩვენც ხომ უნდა გადავრჩეთ“, –თქვა ანუკა კაკაბაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები