მსოფლიოს უმდიდრესმა ადამიანმა, ილონ მასკმა საკუთარი კოსმოსური ინდუსტრიის კომპანია SpaceX-ი და ხელოვნურ ინტელექტზე მომუშავე სტარტაპი xAI გააერთიანა.
საუბარია კომპანიებზე, რომლებიც ამიერიდან ერთობლივად ფლობენ სატელიტური ინტერნეტის მომწოდებელ Starlink-ს, სოციალური მედიის პლატფორმა X-სს (ყოფილ Twitter-ს) და AI ჩეთბოტ Grok-ს.
მილიარდერის მიერ მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, xAI SpaceX-ის საფარქვეშ მოექცევა და მისი შეფასება $1.25 ტრილიონი იქნება. არსებული ინფორმაციით, xAI-ს ინვესტორებს ექნებათ საშუალება, აირჩიონ, დარჩებიან SpaceX-ის მეწილეებად თუ მოითხოვენ xAI-ში ინვესტირებული თანხის ქეშის სახით დაბრუნებას. თუ ისინი SpaceX-თან ინტეგრირებას მხარს დაუჭერენ, კოსმოსურ კომპანიაში თითო აქციას $0.14 დოლარად მიიღებენ, უარის შემთხვევაში კი, ნაღდი ფულის სახით xAI-ს თითო აქციის საზღაური $75.46 დოლარი იქნება.
აღსანიშნავია, რომ ორი კერძო კომპანიის გაერთიანებით ილონ მასკის ისტორიაში შევიდა, როგორც ადამიანი, რომელმაც კაცობრიობის ისტორიაში უდიდესი კორპორაციული გარიგება გააფორმა. რაც შეეხება გადაწყვეტილების მიზანს, როგორც მასკმა მედიას განუცხადა, მომავალში ის ხელოვნური ინტელექტის განვითარებაზე მეტი ყურადღების გადატანას გეგმავს, მათ შორის, ორბიტაზე მონაცემთა ცენტრების შექმნით. შესაბამისად, SpaceX-ის, როგორც უძლიერესი რაკეტებისა და სატელიტების მწარმოებელი კოსმოსური კომპანიისა და xAI-ს, როგორც Grok-ის განმავითარებელი სტარტაპის შეერთებით ის AI ინდუსტრიის გარდაქმნას გეგმავს. სიცხადისთვის, SpaceX-მა სახელმწიფო მარეგულირებელში უკვე შეიტანა განაცხადი ორბიტაზე 1 მილიონი სატელიტის განთავსების თაობაზე, რაზე თანხმობის მიღების შემთხვევაშიც, კომპანია კოსმოსში მზის ენერგიაზე მომუშავე ისეთ მოწყობილობებს გაუშვებს, რომლებსაც გაგრილება არ დასჭირდებათ. ერთგვარი სატელიტების მიერ გამომუშავებული ენერგია კი xAI-ს ჩეთბოტ Grok-ის განვითარებას მკვეთრად დააჩქარებს და მას არამარტო გაცილებით კონკურენტუნარიანს, არამედ უფრო ხარჯთეფექტურსაც გახდის. როგორც ცნობილია, Amazon-ის, Google-ისა თუ სხვა ტექ-გიგანტების გამოწვევა დღეს მონაცემთა ცენტრებისთვის საკმარისი ელექტროენერგიის არარსებობასთან ერთად წყლის, როგორც გაგრილების საშუალების დეფიციტურობაა. ორბიტაზე სატელიტური დატა ცენტრების შექმნა კი დენისა და გაგრილების ხარჯებს მინიმუმამდე შეამცირებს.
SpaceX-ი წლის ბოლომდე საჯარო კომპანიად გარდაქმნას და საფონდო ბირჟაზე გასვლასაც გეგმავს, რაც, სავარაუდოდ, ამჟამად არსებულ $1.25-ტრილიონიან შეფასებას მკვეთრად გაზრდის. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ გაერთიანების შემდეგ SpaceX-ის კაპიტალიზაციამ IPO-ს დღესვე შეიძლება მიაღწიოს $2 ტრილიონ დოლარს, რადგან ის მხოლოდ კოსმოსურ ინდუსტრიაზე ორიენტირებული კომპანია აღარ იქნება და თავს მოუყრის როგორც სატელიტურ მომსახურებას, ისე სოციალურ ქსელებს და AI ტექნოლოგიას.




























