მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანის, ილონ მასკის კომპანია SpaceX-ი, მისი ახალი შვილობილის, ტექნოლოგიურ სტარტაპ xAI-ს მეშვეობით პენტაგონის $100-მილიონიან საიდუმლო კონკურსში ერთვება. შტატების ომის დეპარტამენტის მთავარი მიზანი ხმით მართვადი, ავტონომიური დრონების შექმნაა.
როგორც ირკვევა, იანვარში დაწყებული 6-თვიანი პროექტით შტატების ხელისუფლებას სურს, წამყვანი ტექ-კომპანიების დახმარებით ხელოვნური ინტელექტის ისეთი მექანიზმი შექმნას, რომელიც ადამიანის ხმოვან ბრძანებებს ისეთ ციფრულ ინსტრუქციებად გადააქცევს, რომელსაც დრონების მთლიანი ჯგუფი გაიგებს და დაემორჩილება.
აღსანიშნავია, რომ წლების წინ, ჯერ კიდევ 2015 წელს მილიარდერი ხელოვნური ინტელექტის გამანადგურებელი სამხედრო შეიარაღების შექმნისთვის კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა, თუმცა, დღეს SpaceX პენტაგონის პროექტში ისეთ ტექნოლოგიურ გიგანტებს უპირისპირდება, როგორებიც არიან Google, OpenAI და Anthropic, რომელთაგან სამივემ გასულ წელს პენტაგონთან AI შესაძლებლობების გაზრდის მიზნით $200-მილიონიანი კონტრაქტები გააფორმა.
აქვე უნდა ითქვას, რომ ამერიკის სამხედრო უწყების ინტერესი ავტონომიური ტექნოლოგიების მიმართ წელს მკვეთრადაა გაზრდილი, რადგან ქვეყანა მასშტაბური ღონისძიებების, მათ შორის მსოფლიო ჩემპიონატისა და America250-ის აღნიშვნისთვის ემზადება და სურს, დრონების საფრთხის განეიტრალების იაფ და ეფექტურ გზებს მიაგნოს. სავარაუდოა, რომ პენტაგონის ეს ინიციატივა მნიშვნელოვნად დააჩქარებს ადგილობრივი წარმოების დრონების განვითარებასა და თავდაცვის სფეროში ხელოვნური ინტელექტის მასშტაბურ ინტეგრირებას.




























