Financial Times-ის თანახმად, სპარსეთის ყურის არაბული ქვეყნები, შესაძლოა, იძულებულნი გახდნენ, თავიანთ საზღვარგარეთულ ინვესტიციებსა და სამომავლო ფინანსურ ვალდებულებებს გადახედონ.
გამოცემის ცნობით, რეგიონში მიმდინარე სამხედრო კონფლიქტი, რომელიც აშშ-ისა და ისრაელის მიერ ირანზე განხორციელებული იერიშით დაიწყო, ყურის მონარქიების ბიუჯეტებს უმძიმეს დარტყმას აყენებს.
ანონიმური მაღალჩინოსნის განცხადებით, საინვესტიციო გეგმების გადახედვა ყველაფერს შეეხება: დაწყებული უცხოური სახელმწიფოებისა და კომპანიებისთვის მიცემული საინვესტიციო პირობებიდან, მსხვილი სპორტული სპონსორობითა და აქტივების გაყიდვით დასრულებული.
შეგახსენებთ, ათწლეულების განმავლობაში სპარსეთის ყურის ქვეყნების ეკონომიკური აღმავლობა ორ მთავარ პრინციპს ეფუძნებოდა: რეგიონული არასტაბილურობის ფონზე „უსაფრთხო ნავსაყუდლის“ სტატუსსა და ენერგორესურსების შეუფერხებელი ექსპორტით მიღებულ გიგანტურ შემოსავლებს. მიმდინარე ომმა მათ ორივე ეს საყრდენი ერთდროულად შეურყია. როგორც FT წერს, ამჟამად შიდა აუდიტი რამდენიმე ქვეყანაში მიმდინარეობს და მისი მიზანია, დადგინდეს, შესაძლებელია თუ არა არსებულ კონტრაქტებში „ფორსმაჟორული“ პუნქტების ამოქმედება, რათა მოსალოდნელი ეკონომიკური ზიანი შემცირდეს.
ექსპერტების შეფასებით, თუ საომარი მოქმედებები გაგრძელდება და მასთან დაკავშირებული ხარჯებიც გაიზრდება, ამან შესაძლოა გლობალური საინვესტიციო ბაზრების დესტაბილიზაცია გამოიწვიოს. ყურის სუვერენული ფონდები მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი მოთამაშეები არიან და მათი მხრიდან კაპიტალის გადინება ან პროექტების შეჩერება მრავალ სექტორზე აისახება. ვითარებას ართულებს ისიც, რომ ენერგორესურსების ექსპორტის შეფერხება პირდაპირ ამცირებს იმ შემოსავლებს, რომლებიც ამ საინვესტიციო ფონდებს კვებავდა.




























