მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სპეკულაციაა, თითქოს შესაძლო სანქციები აისახება ფინანსურ და საბანკო სექტორზე - თურნავა

ნათია თურნავა

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი მიიჩნევს, რომ აშშ-ს მიერ კონკრეტული პირებისთვის დაწესებული შესაძლო სამგზავრო სანქციები საქართველოს ფინანსურ სისტემაზე არ აისახება.

მეტიც, თურნავა ამბობს, რომ კონკრეტულ პირებს ფინანსური სანქციებიც რომ დაუწესდეთ, ეს იქნება სამწუხარო, თუმცა იქნება ინდივიდუალური ქეისი, რისი მენეჯმენტის გამოცდილებას ეროვნულ ბანკს და ქართულ საბანკო სისტემას გააჩნია.

"ის ჩარჩო, რომელიც დღეს გააჩნია ჩვენს საფინანსო სისტემას, ჩვენს ბანკებს, რეგულაციები, რომლებიც შედგება ჩვენი, ეროვნული ბანკის მიერ დაწესებული რეგულაციებით და კანონმდებლობით არის ყველაზე მკაცრი რეგიონში და ერთ-ერთი ყველაზე გამჭვირვალე. ბანკები არიან ინსტრუქტირებულები, რა როდის და როგორ უნდა გააკეთონ და ამასთან ერთად ჩვენ, ვახორციელებთ რა ჩვენი რეგულაციების მუდმივ დახვეწას ახლა უკვე მოვიყვანეთ იგი შესაბამისობაში ჩვენს ადგილობრივ კანონმდებლობასთან. მერწმუნეთ, რომ სანქციების აღსრულების პროცესი და ამის ჩარჩო რომ იყოს ეროვნულ კანონმდებლობასთან შესაბამისი ესეც ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ არ შეიქმნას არანაირი პრობლემა სანქციების აღსრულებაში. არ გახდეს ეს სასამართლო გადახედვის საგანი და ა.შ.

მე მინდა ვთქვა, რომ არაფერი ამ კუთხით ჩვენს საფინანსო სისტემას არ ემუქრება. რაც კი რამე არის გაჟღერებული, არის სამგზავრო შეზღუდვები, რასაც საერთოდ არანაირი კავშირი არ აქვს ჩვენს ფინანსურ სექტორთან. ბოლოს, მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მოვუწოდო ყველა პოლიტიკოსს, ნუ ეცდებიან გარკვეული ტიპის სპეკულაციას, ნუ გადააბამენ სანქციების თემას ლარის კურსს, საფინანსო ბაზარს, თითქოს ეს საბანკო სისტემას ურტყამს და ა.შ. იმიტომ, რომ ეს სპეკულაციაა. საუბარი იყო სამოგზაურო სანქციებზე რასთანაც არავითარი ბმა არ არის. რომც მოხდეს თეორიულად რაიმე ინდივიდუალური ფინანსური სანქციები, რაც ძალიან სამწუხარო იქნება, ესეც არის ინდივიდუალური ქეისები, რომელზეც ჩვენ გვაქვს ბანკებთან ერთად გამოცდილება ვზივართ, გავდივართ და ვნახულობთ რეგულირების ჩარჩოს", - განაცხადა თურნავამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები