მიმდინარე წლის 18 სექტემბერს, ცნობილი გახდა, რომ საქართველოს ყოფილ მთავარ პროკურორს ოთარ ფარცხალაძეს მის საკუთრებაში არსებულ საბანკო ანგარიშებზე წვდომა შეეზღუდა. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ BMG-ისთვის მოწოდებული განმარტების თანახმად, აღნიშნულს საერთაშორისო ფინანსური სანქციების აღსრულების მექანიზმი ითვალისწინებს.
19 სექტემბერს კი სებ-მა გამონაკლისი ბრძანება გამოსცა, რის მიხედვითაც სანქცირებულ ოთარ ფარცხალაძეს საბანკო ანგარიშებზე წვდომა აღუდგება.
ახალი ბრძანების თანახმად, სანქცირებულ საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირებით სანქციები შედის ძალაში, თუკი მათ წინააღმდეგ გადაწყვეტილებას სასამართლო მიიღებს. შესაბამისად, სანქცირებული ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის მიმართ ტრანზაქციების შეზღუდვა ამოქმედდება მაშინ თუკი ქართული სასამართლო მის წინააღმდეგ გამამტყუნებელ გადაწყვეტილებას მიიღებს.
რატომ მიიღო ეროვნულმა ბანკმა გადაწყვეტილება ასე სწრაფად, რომლის მიხედვითაც სანქცირებულ ფარცხალაძეს საბანკო ანგარიშებზე წვდომა აღუდგა? - ჟურნალისტის ამ შეკითხვას საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავა პასუხობს.
როგორც თურნავა ამბობს, სანქციებთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები მყისიერად მიიღება და ის დროში არ უნდა გაიწელოს.
„ზოგადად სანქციებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებები მყისიერად მიიღება, რადგან ეს ეხებოდა კონკრეტული პირის სანქცირებას. ამასთან ეს არის პრეცედენტული, რადგან როგორც ახლა მივუდგებით, იგივე მიდგომით უნდა გვქონდეს მომავალში სხვა სანქცირებულ საქართველოს მოქალაქესთან. ჩვენი გადაწყვეტილება გამჭვირვალეა, ნათელია, მზად ვართ, რომ კიდევ უფრო დეტალურად ავუხსნათ ნებისმიერ დაინტერესებულ პირს და პარტნიორს“ - აღნიშნავს ნათია თურნავა.
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი საბანკო სისტემაზეც საუბრობს, რომელიც მდგრადია და ეს გადაწყვეტილება საბანკო სისტემის სტაბილურობას საფრთხეს არ უქმნის.
„ჩვენი მიზანია საბანკო სისტემა ისეთი მდგრადი და ძლიერი დარჩეს, როგორიც ახლაა. ამ მხრივ გამოწვევებს ვერ ვხედავთ.
არავის წნეხის ქვეშ ხომ არ მოქმედებს საქართველოს ეროვნული ბანკი - ჩვენი ქმედებები ნაკარნახევია საქართველოს კონსტიტუციიდან გამომდინარე. წნეხის მცდელობას ვხედავთ მხოლოდ სხვადასხვა პოლიტიკური წრეებისგან, სებ-ი აპოლიტიკური სტრუქტურაა და არ ექცევა პოლიტიკური კონიუნქტურის ტყვეობაში. ყველამ შორს დაიჭიროს თავი ეროვნული ბანკისგან“ და ნუ ეცდება ჩვენს პოლიტიკურ ბატალიებში ჩართვას“ - ამბობს თურნავა.