მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Global Finance-მა ის გვითხრა, რაც ისედაც ვიცოდით, სებ-ს დამოუკიდებლობის სერიოზული პრობლემა აქვს - ბედინეიშვილი

ბედინეიშვილი

ფინანსისტ გიგა ბედინეიშვილის განცხადებით, საერთაშორისო ფინანსური გამოცემა Global Finance-ის მიერ ნათია თურნავას საქმიანობის უარყოფითად შეფასება მოულოდნელი არ ყოფილა.

როგორც ბედინეიშვილმა BMG-ის განუცხადა, ეროვნული ბანკის და ნათია თურნავას დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით კითხვები ისედაც დიდი ხანია არსებობს და აღნიშნულმა შეფასებამ ეს კიდევ ერთხელ დაადასტურა.

საქმე ის არის, რომ Global Finance-მა სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, ნათია თურნავას საქმიანობა ევროპის ცენტრალურ ბანკირებს შორის ყველაზე დაბალი ქულით შეაფასა.

„Global Finance-მა გვითხრა ის, რაც ისედაც ვიცოდით - ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობის სერიოზული პრობლემა გვაქვს. უბრალოდ ახლა საერთაშორისო ლეგიტიმაცია მიეცა იმ საფუძვლიან ვარაუდებს, რაც ჩვენ დიდი ხანია გვაქვს. ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობა მე ისედაც მითი მგონია და ბოლო პერიოდში ამისი ბევრი დასტური ვიხილეთ. მათ შორის, ნათია თურნავას მიერ ოთარ ფარცხალაძის სანქციების საკითხზე მიღებული წესი, ის რომ ეროვნული ბანკი ერთდროულად დატოვა სამმა ვიცე-პრეზიდენტმა. ეს ფაქტებიც იმაზე მიუთითებს, რომ ეროვნული ბანკი ისეთი დამოუკიდებელი არაა, როგორიც უნდა იყოს.

ინვესტორებს სულ არ მოეწონებათ, რომ საერთაშორისო გამოცემა საქართველოს ეროვნულ ბანკს ასე აფასებენ. ისინი მსგავს შეფასებებს ყურადღებას აქცევენ. ეს ყველაფერი ინვესტორებს ჩვენი ეკონომიკის მიმართ უარყოფითად განაწყობს და მათ კალკულაციებშიც აისახება“, - განაცხადა გიგა ბედინეიშვილმა.

მისი მოლოდინით, საერთაშორისო გამოცემის მხრიდან ეროვნული ბანკის საქმიანობის დაბალი შეფასება საქართველოს ეკონომიკის მიმართ ინვესტორების განწყობაზეც აისახება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები