მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

“პოლიტიკური კონტექსტის გარდა, არ გამოვრიცხავ, რომ სებ-იც ისე აღარ ინდომებდეს…” - რა ეტაპზეა SEPA-ში გაწევრიანების საკითხი?

ევრო

2022 წლის 20 სექტემბერს საქართველომ ევროინტეგრაციის გზაზე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა და რეგიონში პირველი ქვეყანა გახდა, რომელმაც ევრო გადახდების სივრცეში - SEPA-ში გაერთიანების განაცხადი შეიტანა. მიუხედავად იმისა, რომ ტექნიკურად შესაძლოა საქართველო მზად იყოს ამ სისტემის ნაწილი გახდეს, მესამე წელი გადის, როცა ევროპული გადახდების საბჭოს, ჯერ საქართველოს წევრობაზე გადაწყვეტილება მიღებული არ აქვს.

საქართველოს გაწევრიანების მიმდინარეობის შესახებ დეტალური კითხვებით BM.GE-მ საქართველო ეროვნულ ბანკს რამდენჯერმე მიმართა, თუმცა ამ დრომდე ჩვენს კითხვებზე ცენტრალურ ბანკს პასუხი არ აქვს. ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ 11 ივნისს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ანგარიშის წარდგენისას თქვა, რომ საქართველოს SEPA-ში გაწევრიანებისთვის მოთხოვნების ძირითადი ნაწილი შესრულებული აქვს.

ნათია თურნავამ SEPA-ში გაწევრიანების საკითზე მიმდინარე თვეშიც ისაუბრა, SWIFT-ის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო ფინანსურ კონფერენციაზე და აღნიშნა, რომ საქართველოს SEPA-ში გაწევრიანება ახალ ფინანსურ პერსპექტივებს უხსნის.

საბოლოო გადაწყვეტილებას SEPA-ში ამა თუ იმ ქვეყნის გაწევრიანების შესახებ, ევროპის საგადახდო საბჭო იღებს. გიორგი კეპულაძეს მიაჩნია, რომ საქართველოს გაწევრიანების საკითხს ქვეყნის ხელისუფლების ევროკავშირთან გართულებული პოლიტიკური ურთიერთობა აფერხებს. ის არ გამორიცხავს, რომ ამ საკითხის გადაწყვეტას ეროვნული ბანკიც “ისე აღარ ინდომებდეს”.

„ტექნიკურად საქართველო რა თქმა უნდა, გაცილებით წინ არის და უფრო მომზადებული შეიძლება იყოს SEPA-ში გაწევრიანებისთვის, ვიდრე მოლდოვა. ყველა პარამეტრში ვჯობნიდით ჩვენ წლების განმავლობაში მოლდოვას და უკრაინას, მაგრამ რა თქმა უნდა აქ გასათვალისწინებელია პოლიტიკური კონტექსტი. ერთი, რომ არ გამოვრიცხავ, რომ ეროვნული ბანკიც ისე აღარ ინდომებდეს ამ მიმართულებით, მით უმეტეს, რომ კარგა ხანია უკვე კომენტარის გაკეთებასაც ირიდებიან SEPA-სთან დაკავშირებით და მეორე, რა თქმა უნდა ევროკომისიის რეკომენდაციაა საჭირო ხომ? ამ მიმართულებით ახლა ქვეყანა, რომელიც დღე და ღამე ევროპელ დიპლომატებს ლანძღავს, ევროკავშირს ლანძღავს და საბჭოთა კავშირს ადარებს, რა თქმა უნდა მათ არ ექნებათ სურვილი, რომ ასეთი ქვეყანა მათ ნებისმიერ რაიმე სივრცეში იყოს. თან SEPA-ში გაწევრიანებით, ევროკავშირზე მეტ სარგებელს საქართველო იღებს ხომ?!...",-აცხადებს „საზოგადოება და ბანკები“-ს გამგეობის თავმჯდომარე გიორგი კეპულაძე.

SEPA ერთიანი ევრო გადახდის სისტემაა, რომელიც ევროპის მასშტაბით ევროს ელექტრონული გადახდების პროცესის ჰარმონიზებას ახდენს და აუქმებს ტექნიკურ, სამართლებრივ და საბაზრო ბარიერებს წევრი ქვეყნებისთვის. მომხმარებელს საშუალება აქვს ერთი და იმავე პირობებით ელექტრონულად გადაიხადონ ევროში, მიუხედავად იმისა, თუ სად იმყოფებიან - თავიანთ ქვეყანაში თუ მის მიღმა. შესაბამისად, საჭირო აღარ არის SEPA-ს ქვეყნებთან გადარიცხვებისთვის საკორესპონდენტო ბანკის ანუ შუამავლის გამოყენება.

SEPA-ს გეოგრაფიულ არეალში ჩართვისთვის ქვეყანა ევროპული გადახდების საბჭოს რამდენიმე თემატურ კრიტერიუმს უნდა აკმაყოფილებდეს, მათ შორის აპლიკანტმა უნდა დაამტკიცოს, რომ ქვეყანას, რომელსაც ის წარმოადგენს, ევროკავშირთან მჭიდრო ეკონომიკური და სამართლებრივი ურთიერთობა აქვს.

SEPA დღეს ევროკავშირის 27 წევრ სახელმწიფოს, ევროპის ეკონომიკური ზონის 3 და ევროპის ეკონომიკური ზონის 6 არაწევრ ქვეყანას აერთიანებს და დღეიდან ამ სისტემის ნაწილია მოლდოვაც, რომელმაც საქართველოზე გაცილებით გვიან 2024 წელს მიმართა საბჭოს გაწევრიანების განაცხადით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები