საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა აცხადებს, რომ ლარს ძლიერი ფუნდამენტური მაკროეკონომიკური ფაქტორები ამყარებს. მან ამის შესახებ ლარის 30 წლის საიუბილეო ღონისძიებაზე, ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისივე თქმით, ეროვნული ვალუტის სიმყარეს მათ შორის ეფექტური მონეტარული პოლიტიკა განაპირობებს.
"ეროვნული ბანკი მიყვება თავისუფალი მცურავი კურსის რეჟიმს. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ხელოვნურად არ ვამყარებთ ლარს და ამას ვერც გავაკეთებთ, ისევე როგორც ვერც ერთი მცირე ღია ეკონომიკის მქონე ქვეყანა. ამიტომ ის, რაც დღეს ამყარებს ლარს, არის ძლიერი მაკროეკონომიკური ფუნდამენტური ფაქტორები, როგორიცაა ძლიერი ეკონომიკური ზრდა, ჩვენი საგარეო ანგარიშის გაუმჯობესებული დეფიციტი, საკმაოდ ეფექტური მონეტარული პოლიტიკა და მთლიანობაში ეკონომიკური პოლიტიკა. ჩვენი მონეტარული პოლიტიკის შედეგად, ნდობა ფინანსური ბაზრის მიმართ, ლარის მიმართ გამყარდა, სულ უფრო მეტად იზრდება ლარში გამოხატული დანაზოგები და აქედან გამომდინარე, ეს აისახება ლარზე. რა თქმა უნდა, ჩვენ ღია ტიპის ეკონომიკა ვართ და ყველაფერი, რაც საგარეო ბაზრებზე ხდება სხვა ვალუტებთან მიმართებით, აისახება ლარის კურსზე, თუმცა უფრო მეტად ჩვენი ფუნდამენტური მაკროეკონომიკური ფაქტორები... დღეს, ეკონომიკური მდგომარეობა არის საკმაოდ კეთილსაიმედო. შეიძლება მცირე რყევები იყოს, რომელიც როგორც გასულ წელს იყო ძირითადად ფსიქოლოგიური ფაქტორებით და ბაზრის აღქმებით განპირობებული, მაგრამ მთლიანობაში, ეკონომიკური გარემო არის მყარი, კეთილსაიმედო და აქედან გამომდინარე, ლარიც მეტ-ნაკლებად მყარია და ეს ასეც გაგრძელდება", - აღნიშნა ნათია თურნავამ.




























