ეროვნული ბანკის პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებელი, ნათია თურნავა, BMG-სთან განმარტავს, რომ გასულ კვირას ლარის გაუფასურების მიზეზი მოკლევადიანი აჟიოტაჟით იყო გამოწვეული და ბაზარი ეტაპობრივად დაუბრუნდება სტაბილურ ნიშნულს.
“როგორც [სებ-მა] უკვე აღნიშნა და ახლაც უფრო ნათელი გახდა, ბაზარი მშვიდდება, [ლარის გაუფასურება] იყო ერთჯერადი, ემოციური რეაქცია, რომელიც გამოწვეული იყო არასწორი ინტერპრეტაციით და სხვადასხვა აჟიტირებული ამბის გავრცელებით, რასაც არავითარი კავშირი არ ჰქონდა ფუნდამენტურ ფაქტორებთან.
რეალურად, ფუნდამენტური ფაქტორებიდან არც ერთი არ გაუარესებულა და არ მიანიშნებს იმაზე, რომ ლარის კურსი მყისიერად გაუფასურდება. ვგულისხმობ, რომ მიმდინარე ანგარიშების დეფიციტი არ გაზრდილა, ტურიზმიდან შემოსავლები კვლავინდებურად ძლიერია, შემოდინებები და გზავნილები თვიდან თვემდე არ იცვლება და, ზოგადად, ეკონომიკა საკმაოდ ძლიერ ზრდას აჩვენებს. აქედან გამომდინარე, ბაზარი ძალიან სწრაფად გაერკვა, რომ ეს პირველადი რეაქციები უსაფუძვლოა და ჩვენ თანდათან ლარის კურსის სტაბილიზაციის ნიშნულამდე დაბრუნების მომსწრეები გავხდებით”, - ამბობს ნათია თურნავა.
კითხვაზე, ექნება თუ არა გავლენა ლარის კურსის ცვლილებას რეფინანსირების განაკვეთის ცვლილებაზე, თურნავა კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ მონეტარული პოლიტიკის გათვლებზე ცვლილება მხოლოდ ფუნდამენტური ფაქტორების ცვლილებას ექნებოდა.
“ეს ფაქტორი იქონიებდა გავლენას ჩვენს გათვლებზე, თუ ის ფუნდამენტური ფაქტორების ცვლილებით იქნებოდა განპირობებული. ძირითადად, როდესაც ჩვენ ვმსჯელობთ რეფინანსირების განაკვეთის ცვლილებასა და მონეტარულ პოლიტიკაზე, პირველ რიგში, ვუყურებთ ფუნდამენტური ფაქტორების საშუალოვადიან პროგნოზს - რადგან ამას ადგილი არ ჰქონია, და ის ერთჯერადი იყო, ნახავთ ლარის კურსის სტაბილიზაციას”, - განმარტა ნათია თურნავამ.
მისივე თქმით, საქართველოს ეროვნული ბანკი სავალუტო აუქციონზე დოლარის ინტერვენციის საჭიროებას ვეღარ ხედავს. შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას სებ-მა აუქციონზე 60 მილიონი დოლარი გამოიტანა, რომელიც ბაზარმა სრულად აითვისა.
“ამ ეტაპზე ინტერვენციის აუცილებლობას ვერ ვხედავთ, პირიქით, ბოლო 1 წლის განმავლობაში ყველა შესაძლებლობას ვიყენებთ, რომ შევიძინოთ უცხოური ვალუტა, გავზარდოთ ჩვენი საერთაშორისო რეზერვები და მხოლოდ იშვიათ შემთხვევებში შეგვიძლია ინტერვენცია, მაგალითად, როდესაც დავინახავთ, რომ ბაზარზე არის ასეთი უსაფუძვლო აჟიოტაჟი - ამ ეტაპზე ამის აუცილებლობას ვერ ვხედავთ”, - განმარტა თურნავამ.
ცნობისთვის, ეროვნულ ბანკში მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომა ხვალ, 22 მაისს გაიმართება.