დედაქალაქის მერი, კახა კალაძე აცხადებს, რომ წერეთლის გამზირის სანიაღვრე სისტემა გამართულად მუშაობს, რაც სპეციალური მოწყობილობით დათვალიერებამ დაადასტურა.
კალაძემ გუშინდელ უამინდობაზე „ფეისბუქ“ Live-ში ისაუბრა და სპეკულაციები უწოდა ინფორმაციას, რომ წერეთლის გამზირზე სანიაღვრე სისტემა არ მუშაობს. მისი განმარტებით, შეტბორვის მიზეზი სანიაღვრე ცხაურების სხვადასხვა საგნებით და ტოტებით გადავსება გახდა, რის საილუსტრაციოდაც კადრები აჩვენა.
„გუშინ სოციალურ მედიაში ვრცელდებოდა კადრები წერეთლის გამზირთან დაკავშირებით, მიმდინარეობდა სპეკულაციები და სიცრუის კამპანია იმასთან დაკავშირებით, თითქოს წერეთლის გამზირზე არ მუშაობს სანიაღვრე სისტემა. ეს არის ძალიან დიდი ტყუილი. მინდა, საზოგადოებას მივაწოდო ინფორმაცია, იმასთან დაკავშირებით, თუ რა ხდებოდა წერეთლის გამზირზე და იმ კონკრეტულ ქუჩაზე, სადაც იყო შეტბორვა, რამ გამოიწვია ეს ყველაფერი. სეტყვის შედეგად ჩამოყრილი იყო ტოტები, ფოთლები, წყალს გვერდით ქუჩებიდან ჩამოტანილი ჰქონდა სხვადასხვა ნივთი, მაგალითად, იყო ავტომობილის ბამპერი, რომლითაც ფაქტობრივად ჩაკეტილი იყო წყლის მიმღები სისტემა, გადავსებული იყო სანიაღვრე ცხაურები.
სპეციალური მოწყობილობით - რობოტით, რომელიც შევიძინეთ და რომელიც ათვალიერებს სანიაღვრე სისტემებს, დათვალიერებულ იქნა წერეთლის გამზირი და არსად არანაირი პრობლემა არ არსებობს, სანიაღვრე სისტემა ნალექს უპრობლემოდ ატარებს“, - თქვა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, უამინდობით გამოწვეული პრობლემების აღმოფხვრის პროცესში ჩართულია მუნიციპალიტეტის შესაბამისი უწყებები.
„რამდენიმედღიანმა ძლიერმა წვიმამ და უამინდობამ თბილისის ზოგიერთ რაიონში დააზიანა გზები, დამჭერი კედლები, სხვადასხვა სახის პრობლემა შეუქმნა მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს. პროცესში ჩართულია ყველა რაიონული გამგეობა, ჩვენი თანამშრომლებიც ყველგან მივიდნენ, სადაც პრობლემები გამოიკვეთა. დაფიქსირდა ხის წაქცევის შემთხვევები. ამჟამადაც მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები სხვადასხვა რაიონში.
მინდა, მოსახლეობამ იცოდეს: ყველგან მივალთ. არ დარჩება არც ერთი პრობლემური ადგილი, სადაც ჩვენი თანამშრომლები არ მივლენ და შესაბამის რეაგირებას არ მოახდენენ. ყველა რაიონს, უბანს, ოჯახს გვერდით დავუდგებით და ხელს შევუწყობთ იმ პრობლემების აღმოფხვრაში, რაც უხვმა ნალექმა შეუქმნა. არც ერთი ადამიანი უყურადღებოდ არ დარჩება“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.
როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, მიმდინარეობს მდინარე ვერეს კალაპოტის გაწმენდის სამუშაოებიც.