მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სპორტის მინისტრი 350 000 ლარის ნაღდ ფულს ინახავს - რა ქონებას ფლობს შალვა გოგოლაძე

შალვა გოგოლაძე

საქართველოს სპორტის მინისტრის პოსტს შალვა გოგოლაძე იკავებს, რომელიც იქამდე სპორტისა და კულტურის მინისტრის მოადგილე იყო. გოგოლაძის კომპანია "რაიმონდსმა" 2024 წლის ოქტომბერში 16.2 მილიონ ლარად შეიძინა ბორჯომში მდებარე სანატორიუმი ლიკანი, რომლის ფართობიც 288,000 კვადრატულ მეტრს შეადგენს, შეძენის შემდეგ კი 2025 წლის თებერვალში აღნიშნული ობიექტი სპორტის ყოფილი მინისტრის ტარიელ ხეჩიკაშვილის კომპანიას მიჰყიდა.

შალვა გოგოლაძის ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, ის ფლობს 15 179 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთს თბილისში, სოფელ წინუბანში, რომლის შეძენაც 447 000 ლარი დაუჯდა. მის მეუღლეს, თამარ ფირცხალავას, ეკუთვნის ბინა უნივერსიტეტის ქუჩაზე და მიწის ნაკვეთი თხინვალაში. ორივე ქონება ნასყიდობით არის შეძენილი და ჯამურად 84 640 აშშ დოლარი ღირს. შვილებს – ანა და გურამ გოგოლაძეებს – ერთობლივად 145.41 კვ.მ ბინა აქვთ ბაგებში, ჩუქების საფუძველზე.

მინისტრის მფლობელობაშია ორი მაღალი "Toyota Land Cruiser“ – 200 და 300 მოდელები, რომელთა შეძენა 2022 და 2023 წლებში მოხდა, შესაბამისად, 55 000 და 65 000 აშშ დოლარად. ასევე, ფლობს იამაჰას როიალს, რომლის ღირებულება 10 000 დოლარია.

შალვა გოგოლაძე ინახავს 350 000 ლარის ნაღდ ფულს, როგორც დანაზოგს, ხოლო მის საბანკო ანგარიშებზე, საერთო ჯამში ათას ლარამდე თანხა აქვს განთავსებული.

დეკლარაციის მიხედვით, გოგოლაძე ბოლო წლებში აქტიურად იყო ჩართული სამეწარმეო საქმიანობაში. 2024 წლის დეკემბრის მდგომარეობით, მან უკვე გადააბარა წილები რამდენიმე კომპანიაში, მათ შორის:

  • შპს „გრინ სთარ ენერჯი“ – 22% წილი გადაეცა დავით ონიკაძეს;
  • შპს „როუდ ქონსთრაქშენი 23“ – 50% წილი ასევე გადაეცა ონიკაძეს;
  • შპს „თორელი“ – 40% წილი გადაეცა იგივე პირს;
  • შპს „შარმი“, „რაიმონდი“, „კაულინი ჯორჯია“ – ყველა შემთხვევაში წილები სამართავად გადაეცა მეუღლე თამარ ფირცხალავას.

აღსანიშნავია, რომ შალვა გოგოლაძე იყო „აის არენას“ 45%-იანი მეწილე, რომლის წილიც ასევე სამართავადაა გადაცემული მეუღლეზე.

2023 წელს გოგოლაძემ მიიღო 83 343 ლარის ხელფასი შპს „არენადან“ და 5 127 ლარის ანაზღაურება სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდიდან. მის სახელზე რეგისტრირებულია რამდენიმე მსხვილი სესხი: ორი ავტოსესხი (155 932 და 144 107 ლარის ოდენობით), ასევე სამომხმარებლო კრედიტი 31 733 ევროს ოდენობით.

გარდა ამისა, ფიქსირდება შვილების სწავლის საფასურის სახით მნიშვნელოვანი გასავალი – 15 000 ლარი ანა გოგოლაძისთვის და 3 000 აშშ დოლარი გურამ გოგოლაძისთვის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები