სპორტის მინისტრმა შალვა გოგოლაძემ შპს "რაიმონდი", რომელიც "სანატორიუმ ლიკანს" ფლობს, 5 556 255 ევროდ გაასხვისა. ამის შესახებ მისი ქონებრივი დეკლარაციიდან ვიგებთ, რომელიც 2024 წლის მონაცემებს ასახავს.
კერძოდ, დეკლარაციაში, რომელიც 2025 წლის 31 დეკემბერსაა შევსებული, წერია, რომ შპს "რაიმონდის" 50% 2024 წლის დეკემბერში გასხვისდა, საიდანაც შალვა გოგოლაძეს შემოსავლის სახით 2 226 502,09 ევრო აქვს მიღებული, თანხის დანარჩენი ნაწილი კი, სავარაუდოდ, 2025 წლის ამსახველ დეკლარაციაში გამოჩნდება, რომლის შევსების ვალდებულებაც სპორტის მინისტრს მიმდინარე წლის ბოლოსთვის აქვს.
საქმე ისაა, რომ შალვა გოგოლაძე შპს "რაიმონდის" 50%-ს 2024 წლის ბოლომდე ფლობდა (დანარჩენ 50%-ს კი დავით ჯაშიტაშვილი), მანამდე ამ კომპანიას მთავრობამ ბორჯომში მდებარე “სანატორიუმი ლიკანი” 16,2 მლნ ლარად გადასცა. გამოდის, რომ სპორტის მინისტრმა დაახლოებით იმავე თანხად გაყიდა კომპანია, რამდენადაც მთავრობისგან სანატორიუმი იყიდა. 5,5 მლნ ევრო გაყიდვის პერიოდისთვის არსებული კურსით დაახლოებით 15,5 მლნ ლარს შეადგენდა.
გოგოლაძემ კომპანია "რაიმონდი" შპს “იბერია აზც ორბის” მიჰყიდა, რომელიც 2024 წლის ივნისშია შექმნილი. კომპანიის დირექტორები სლოვაკი რობერტ სპისაკი და „იბერია ბიზნესჯგუფის“ დამფუძნებელი და სპორტის ყოფილი მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი არიან. ამ კომპანიის 50%-ს შპს "სლოვაკ ბიზნეს ჰაუსი" ფლობს.
ცნობისთვის, შალვა გოგოლაძე ბორჯომში 1979 წელს არის დაბადებული. იგი სპორტის მინისტრის პოსტს 2025 წლის 1 იანვრიდან იკავებს, მანამდე კი - 2024 წელს ოქტომბრიდან დეკემბრის პერიოდში საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე იყო. 2021-2024 წლებში კი სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდის თანადამფუძნებელი, ვიცე-პრეზიდენტი; ხოლო მანამდე - 2015 წლიდან სპორტის, შემდეგ სპორტის და კულტურის, და ბოლოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილის პოზიციებს იკავებდა. შალვა გოგოლაძეს სპორტის მიმართულებით, 2009 წლიდან არაერთ სახელმწიფო უწყებაში აქვს ნამუშევარი.
თუმცა მისი ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, მას წილები აქვს სხვადასხვა კომპანიაში, კერძოდ:
- შპს "როუდ ქონსთრაქშენი 23" – 50%-იანი წილი, რომელიც 16.12.2024- ში საკუთრებაში გადაეცა დავით ონიკაძეს. ამ კომპანიიდან შემოსავლის სახით 18 459,18 ლარი უფიქსირდება, თუმცა საუბარია 2024 წლის პერიოდზე, მანამ ვიდრე ის კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილედ დაინიშნებოდა;
- შპს თორელი - 40%-იანი წილი, რომელიც 16.12.2024-ში საკუთრებაში გადაეცა დავით ონიკაძეს;
- შპს აის არენა - 45%-იანი წილი სამართავად გადაცემულია მის მეუღლე თამარ ფირცხალავაზე;
- შპს შარმი - 50%-იანი წილი სამართავად გადაცემულია მის მეუღლე თამარ ფირცხალავაზე;
- შპს კაულინი ჯორჯია, რომლის 50%-იანი წილი სამართავად გადაცემულია მის მეუღლე თამარ ფირცხალავაზე.
რაც შეეხება უძრავ ქონებას, შალვა გოგოლაძე და მისი მეუღლე თამარ ფირცხალავა ფლობენ:
- 74,4 კვ.მ ბინას თბილისში, რომელიც ნაყიდი აქვთ 2020 წელს 44 640 დოლარად
- 1 500 კვ.მ მიწის ნაკვეთს თხინვალაში, რომელიც ნაყიდი აქვთ 2019 წელს 40 000 დოლარად
- 15 179 კვ.მ მიწის ნაკვეთს წინუბანში, რომელიც 2023 წელს ნაყიდი აქვთ 447 000 ლარად. აღნიშნულ მიწაზე განთავსებულია სამი არასაცხოვრებელი შენობა-ნაგებობა
- 8 802 კვ.მ მიწის ნაკვეთს სენაკის სოფელ ლესაჯაიეში, რომელიც 2025 წლის დეკემბერში 15 000 აშშ დოლარად აქვს ნაყიდი და რომელზეც განთავსებულია ერთი შენობა-ნაგებობაც.
სხვა ქონებებს შორის შალვა გოგოლაძეს დეკლარაციაში მითითებული აქვს როიალი იამაჰა, რომელიც 2014 წელს 10 000 დოლარად აქვს ნაყიდი და ორი ავტომანქანა: Toyota Land Cruiser 200 და Toyota Land Cruiser 300. ეს მანქანები შეძენილია 2022 წელს და 2023 წელს - 55 000 და 65 000 აშშ დოლარად. პირველი მანქანა გასხვისებული აქვს 2025 წელს 47 000 დოლარად.
ამას გარდა, შალვა გოგოლაძეს დანაზოგი აქვს ნაღდი ფულის სახით 350 000 ლარი, მიმდინარე ანგარიშზე კი დაახლოებით 2,4 მლნ ლარი, 1700 ევრო და 1124 აშშ დოლარი აქვს.
ხელფასი
2024 წლის განმავლობაში, შალვა გოგოლაძეს კულტურის მინისტრის პირველი მოადგილის პოსტზე 18 ოქტომბრიდან 31 დეკემბრამდე პერიოდში, ხელფასის სახით აღებული აქვს 19 476 ლარი. მანამდე კი 2024 წლის 1 იანვრიდან 17 ოქტომბრის ჩათვლით შპს არენაში ხელფასის სახით აღებული აქვს 65 818 ლარი, ამ პერიოდშივე გოგოლაძე იყო სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდის გამგეობის წევრიც, სადაც 33 329 ლარის ხელფასი აიღო.
ხარჯები
2024 წელს სპორტის მინისტრს ავტოსესხების გასავალი ჰქონდა 29 577 ლარი და 25 717 ლარი, ასევე სამომხმარებლო კრედიტის სახით 8 145 ევრო.
2024 წელს შალვა გოგოლაძემ მისი შვილების სწავლის საფასურიც მიუთითა დეკლარაციაში: ანა გოგოლაძის - 15 000 ლარი, გურამ გოგოლაძის - 3000 აშშ დოლარი და მარიამ გოგოლაძის 5000 აშშ დოლარი.




























