პრემიერ-მინისტრის მიერ გუშინ კულტურის და სპორტის მინისტრის მოადგილედ წარდგენილ შალვა გოგოლაძის კომპანია შპს „რაიმონდს“, გუშინვე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული „სანატორიუმ ლიკანის“ 2 148 766 ჩვეულებრივი აქცია პირდაპირი მიყიდვის ფორმით, 16 283 293 ლარად საკუთრებაში გადაეცა. აღსანიშნავია, რომ შესაბამისი განკარგულება 18 ოქტომბრით თარიღდება, როცა გოგოლაძე ირაკლი კობახიძემ მინისტრის მოადგილედ დანიშნა.
ცნობისთვის, შალვა გოგოლაძე შპს "რაიმონდის" წილის 50%-ს ფლობს. წილის მმართველად სამეწარმეო რეესტრიდან ამონაწერში მითითებულია მისი მეუღლე, თამარ ფირცხალავა.
მთავრობის განკარგულების თანახმად, საპრივატიზებო თანხის გადახდა უნდა მოხდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან 36 თვის ვადაში ორ ნაწილად: 5 427 765 ლარი 12 თვის ვადაში, დარჩენილი 10 855 528 ლარი - 24 თვის ვადაში.
საპრივატიზებო პირობის თანახმად, 2030 წლის 31 დეკემბრამდე შპს „რაიმონდმა“ პირადად ან მესამე პირის მეშვეობით „სანატორიუმ ლიკანის“ საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (საკადასტრო კოდი 64.23.01.093) ან მისი ნაწილის განვითარება უნდა უზრუნველყოს, რაც უნდა მოიცავდეს არანაკლებ 30 კოტეჯის (არანაკლებ 3000 კვ/მ ფართობის მქონე) მშენებლობას. ამასთან, შეიძლება მოიცავდეს ბორჯომში, სანატორიუმ ლიკანის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის განაშენიანების რეგულირების გეგმის დამტკიცებას და საპროექტო/სამშენებლო დოკუმენტაციის მომზადებას. საკადასტრო რუკის მიხედვით, აღნიშნული მიწის ნაკვეთი 288 301 კვ/მ-ს შეადგენს. ამ ვალდებულებების შესასრულებლად კი, „რაიმონდმა“ პირადად ან მესამე პირის მეშვეობით, არანაკლებ 3 მლნ ლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს.
შესაბამისი განკარგულებით ასევე გათვალისწინებულია ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს ექვსი თვის ვადაში, აღნიშნული უძრავი ქონებიდან, არანაკლებ 10 280 კვ/მ მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული შენობა/ნაგებობის ყოველგვარ უფლებრივი ტვირთისგან, მათ შორის, მესამე პირის იპოთეკის უფლებისგან თავისუფალ მდგომარეობაში სახელმწიფოსთვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემა.
პარალელურად, განკარგულების თანახმად, შპს „რაიმონდი“ გათავისუფლდება 2008 წლის 4 სექტემბერს ეკონომიკის სამინისტროსთან დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების დარღვევისთვის დაკისრებული პირგასამტეხლოსგან იმ პირობით, რომ შეასრულებს 18 ოქტომბრის განკარგულებით გათვალისწინებულ ვალდებულებებს. ამასთან, „რაიმონდმა“ ხელშეკრულების გაფორმებამდე სახელმწიფო ბიუჯეტს სასარგებლოდ 300 000 ლარი უნდა გადაიხადოს.
2024 წლის 18 ოქტომბრის განკარგულების თანახმად, ზემოთ ჩამოთვლილი პუნქტები იმ შემთხვევაში შევა ძალაში, თუ „რაიმონდი“ სამ თვის ვადაში უზრუნველყოფს სახელმწიფო უწყებების მიმართ „სანატორიუმ ლიკანის“ უძრავ ქონებასთან დაკავშირებით ქონებრივი ან სხვა სახის ზიანის ანაზღაურებაზე, ასევე ყოველგვარ მოთხოვნაზე, საჩივარზე, სარჩელზე უარის თქმას.
bm.ge შეეცდება გაარკვიოს, კონკრეტულად რა წერია 2008 წელს "რაიმონდსა" და ეკონომიკის სამინისტროს შორის დადებულ ხელშეკრულებაში და რა პირობების დარღვევის გამო დაეკისრა კომპანიას პირგასამტეხლო.