საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან სპორტის სამინისტროს 3 112 000 ლარი გამოეყოფა რამდენიმე ჩემპიონატის ჩასატარებლად. შესაბამისი განკარგულება ირაკლი კობახიძის ხელმოწერით 26 ივნისს გამოიცა.
განკარგულების თანახმად, 1 612 000 ლარი გამოეყოფა საქართველოს კალათბურთის ეროვნულ ფედერაციას, კალათბურთში 16-წლამდელ ვაჟთა „ა“ დივიზიონის (უმაღლესი ლიგა) ნაკრებების ევროპის 2025 წლის ჩემპიონატის ჩატარებისა და ფიბა ევროპის სერტიფიცირების პროგრამის (FECC) განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების დასაფინანსებლად.
დანარჩენი 1 500 000 ლარი კი გამოიყოფა საქართველოს შერეული საბრძოლო ხელოვნებების ეროვნული ფედერაცია ჩემპიონისთვის, რომლითაც შერეული საბრძოლო ხელოვნებების საერთაშორისო ფედერაციის ეგიდით გასამართი მსოფლიო ჩემპიონატის (უფროს ასაკში) ჩატარებასთან დაკავშირებული ხარჯები უნდა დაფინანსდეს.




























