მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სპორტის სასახლეში კონცერტის ჩატარება უსაფრთხო არაა - მენეჯმენტის პირველი კომენტარი

631213d02b770
მარიამ ვარადაშვილი
02.09.22 18:46
1435
თბილისის სპორტის სასახლის მენეჯმენტი ცნობილი რუსი მუსიკოსის ანდრეი მაკარევიჩის და კომედიანტის მაქსიმ გალკინის კონცერტებისსთვის დარბაზის გაქირავებაზე უარის თქმის მიზეზებს განმარტავს. დარბაზის ხელმძღვანელი მიშა ეძგვერაძე BMG-სთან ამბობს, რომ მიზეზი უსაფრთხოებაა.

ის ამტკიცებს, რომ კონცერტის ორგანიზატორებმა (რომელთა დასახელებისგან თავი შეიკავა და, ჯერჯერობით, BMG-ისთვისაც უცნობია მათი ვინაობა) სპორტის სასახლეში არსებულ პრობლემებზე მოლაპარაკებების პროცესშივე იცოდნენ.

მისივე თქმით, ჰქონდათ მოლოდინი, რომ პრობლემები მალე აღმოიფხრვებოდა, რაც არ მოხდა და კონცერტების გაუქმება მოუწიათ. მიშა ეძგვერაძის განმარტებითვე, ამ ეტაპზე სპორტის სასახლეში ღონისძიებების გამართვა, სავარაუდოდ, ორი თვით შეჩერდა.

აღსანიშნავია, რომ ამ პერიოდში სპორტის სასახლეში მხოლოდ გალკინისა და მაკარევიჩის კონცერტები გაუქმდა.

სპორტის სასახლის ხელმძღვანელი ირწმუნება, რომ biletebi.ge-ს მენეჯმენტის განცხადება იმის თაობაზე, რომ ადგილი აქვს პოლიტიკურ ზეწოლას, რის გამოც მმართველმა კომპანიამ უარი თქვა დარბაზის მიქირავებაზე, სიმართლეს არ შეესაბამება. 

“უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ვერ გავრისკავთ. პრობლემა დამძიმდა. საქმე ეხება კონდიცირება-ვენტილაციას, ასევე სხვა ინფრასტრუქტურას. დიახ, მათთან კონტრაქტი არსებობდა. არ ვიცით [კონპენსაციის გადახდაზე], არ არიან უცხოები  ორგანიზატორები, ჩვენთან ადრეც უთანამშრომლიათ. ჯერ პრეტენზია არ გამოუხატავთ. გამოვრიცხავ [პოლიტიკურ მოტივს], რაზეც biletebi.ge-ს ხელმძღვანელობამ გააკეთა განცხადება. პრობლემა ნამდვილად არსებობს. დღესდღეისობით დარბაზში კონცერტის ჩატარება საფრთხის შემცველია. კონდიცირება, ვენტილაცია და ასევე, დარბაზის ინფრასტრუქტურა დაზიანებულია”, - აცხადებს მიშა ეძგვერაძე.

დღეს Biletebi.ge-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ თბილისის სპორტის სასახლე უარს ამბობს ცნობილი რუსი მუსიკოსის ანდრეი მაკარევიჩის და ასევე რუსი კომედიანტის მაქსიმ გალკინის კონცერტის ჩატარებაზე მაშინ, როცა ბილეთების გაყიდვა უკვე დაწყებულია. გალკინის კონცერტის ჩატარება თბილისში ოქტომბერში იგეგმებოდა. ის საქართველოში მსოფლიო ტურნის ფარგლებში ჩამოდის, რომლის მიზანიც უკრაინელი ლტოლვილების დახმარებაა.

ვის ეკუთვნის სპორტის სასახლე?

სპორტის სასახლე თბილისის მერიის საკუთრებაშია, თუმცა ობიექტის მართვის უფლება 2007 წლის 8 მაისს შპს "ლოჯიკ გრუპს" გადაეცა, შესაბამისად, ამჟამად დარბაზს კერძო მენეჯმენტი ჰყავს. თავად “ლოჯიკ გრუპის” მესაკუთრე არის შპს “ატლანტიკ ჩენელს ჯორჯია“, რომელსაც აშშ-ის დელავერის შტატში რეგისტრირებული ფირმა ATLANTIC CHANNELS-ი ფლობს. BM.ge ცდილობს, სპორტის სასახლის მმართველის კომპანიის მენეჯმენტს დაუკავშირდეს.

ვრცლად ამ თემაზე: თბილისის სპორტის სასახლემ გალკინის კონცერტის ორგანიზატორს დარბაზის მიქირავებაზე უარი უთხრა - biletebi.ge

 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები