მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სპორტში ჩართული ახალგაზრდების ჯანმრთელობის სკრინინგი - ოზურგეთში საპილოტე პროექტის ჩაშვება იგეგმება

6379d60bb40f2
ვიქტორია მღებრიშვილი
20.11.22 11:51
740
ოზურგეთის მუნიციპალიტეტში სპორტულად აქტიური მოზარდების ჯანმრთელობის სკრინინგის საპილოტე პროგრამა განხორციელდება - ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

საკანონმდებლო ორგანოს ცნობით, პროექტი სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის ინიციატივით და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდება, თუმცა პროექტის დაწყების ვადები გავრცელებულ პრესრელიზში აღნიშნული არ იყო. 

პროექტის მნიშვნელობასა და მის მოსალოდნელ შედეგებზე, კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი მეძმარიაშვილმა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში ისაუბრა, სადაც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან და სპორტის სფეროში მოღვაწე ადამიანებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

ირაკლი მეძმარიაშვილის თქმით, საპილოტე პროგრამის ფარგლებში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში არსებულ სპორტულ სკოლებსა და ფიზიკურ აქტივობებში ჩართული მოსწავლე-ახალგაზრდებისთვის, ჯანმრთელობის სკრინინგის პროგრამა განხორციელდება.

„საპილოტე პროგრამის შედეგების გაცნობის და გაანალიზების შემდეგ, შესაძლოა მოსწავლე-ახალგაზრდების ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმება მთელი ქვეყნის მასშტაბით მოეწყოს და ამისთვის შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები მომზადდება“, - განაცხადა ირაკლი მეძმარიაშვილმა.

შეხვედრაზე კომიტეტის წევრებმა სპორტის სფეროში დასაქმებული ადგილობრივი მოსახლეობისგან, მუნიციპალიტეტში სპორტის განვითარების კუთხით არსებულ პრობლემებსა და გამოწვევებზე ინფორმაცია მოისმინეს და იმ საჭიროებებს გაეცნენ, რასაც ადგილობრივი სპორტსმენები და მწვრთვნელები მნიშვნელოვნად მიიჩნევენ.

კომიტეტის გასვლითი სამუშაო შეხვედრების ფარგლებში, პარლამენტის წევრებმა ოზურგეთის სპორტული ინფრასტრუქტურა, მოქმედი და მშენებარე სპორტული მოედნები, ჩოგბურთის კორტები, ფეხბურთის და რაგბის სტადიონები მოინახულეს. დეპუტატები ასევე ეწვივნენ სოფელ ბახვის საჯარო სკოლას, სადაც გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით, სასმელი წყლის გამწმენდ- გამფლირტავი სისტემები დამონტაჟდა.