"ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა ჩვენთვის პირველ რიგში არის ოცნება და მეორე, ეს არის ამოცანა" - ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი კობახიძემ ოპოზიციონერ დეპუტატ თეონა აქუბარდიას.
კობახიძის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ოკუპაცია 2008 წელს მოხდა, კომისია მხოლოდ 2013 წელს შეიქმნა "ოცნების" ხელისუფლების მიერ.
"მე, რამდენჯერმე გავუსვი ხაზი იმას რომ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა ჩვენთვის პირველ რიგში არის ოცნება და მეორე, ეს არის ამოცანა. შეგნებულად იყო ეს ტერმინი გამოყენებული. ჩვენ არ ვსაუბრობთ აბსტრაქტულ ოცნებაზე, ეს არის ამოცანა, რომელიც ჩვენს პოლიტიკურ გუნდს აქ აქვს დასახული და ამისთვის ყველაფერი გაკეთდება.
რაც შეეხება, ზრუნვას საზღვრისპირა სოფლებში მცხოვრებ მოსახლეობაზე, მინდა მოვიყვანო რიცხვები რომლებიც ადასტურებს, რამდენად დიდ ყურადღებას უთმობს ჩვენი ხელისუფლება ამ საკითხს და სხვათა შორის, მიუხედავად იმისა, რომ ოკუპაცია განხორციელდა 2008 წელს, პირველად სწორედ 2013 წელს შეიქმნა კომისია. წლების განმავლობაში არავითარი საგანგებო ყურადღება არ ექცეოდა. არა მხოლოდ კომისია შეიქმნა, განხორციელდა არა ერთი ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელთა ჯამური ღირებულება შეადგენს 300 მლნ ლარს. ანუ, 300 მლნ ლარის ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდა გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებისთვის. მარტო შარშან, ამ პროექტების ღირებულებამ შეადგინა 60 მლნ ლარი. ეს არ არის მხოლოდ ზოგადი გეგმები და კომისიები. ძალიან კონკრეტული პროექტები ხორციელდება გამყოფ ხაზთან მცხოვრები მოსახლეობისთვის", - განაცხადა კობახიძემ თეონა აქუბარდიას კითხვის საპასუხოდ.
მანამდე დამოუკიდებელმა დეპუტატმა აღნიშნა, რომ პრემიერობის კანდიდატმა ოკუპაციის განულებას ოცნება უწოდა და არა მთავარი ეროვნული ინტერესი.
„როდესაც დეოკუპაციაზე ვსაუბრობთ, არცერთი სიტყვა არ გაქვთ ამ პროგრამაში, რომ შეიმუშავებთ საერთო ეროვნულ ხედვას დეოკუპაციისთვის. არცერთი დაპირება არ გაგიციათ ასობით ათასი დევნილისთვის, რომლის ოცნებაც არის დეოკუპაცია, არცერთი სიტყვა არ გითქვამთ საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებ ასობით ათასი მოქალაქისთვის, რომელთა მდგომარეობა უმძიმესია. არასდროს გქონიათ სურვილი მათგან მოგესმინათ ეს ყველაფერი“, - თქვა აქუბარდიამ.