ვაკის რაიონში, 3 ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდება. ამის შესახებ თბილისის მერმა დედაქალაქის მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.
კონკრეტულად ვაკის რაიონში, სვანიძის ქუჩის N11-ის მიმდებარე ტერიტორიაზე დასასვენებელი სივრცე და სპორტული მოედანი მოეწყობა. კახა კალაძის თქმით, კომბინირებული სივრცე და სპორტული მოედანი 1 600 კვადრატულ მეტრ ფართობზე განთავსდება.
„ტერიტორიაზე დამონტაჟდება საბავშვო-გასართობი მოედანი, საქანელა სკამები, მოეწყობა ფიტნეს ზონა. სპორტული მოედნის მიმდებარედ, განთავსდება გულშემატკივართა პატარა ტრიბუნა. დასასვენებელი სივრცე განათდება და გამწვანდება“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

ვაკის რაიონში კიდევ ერთი ინფრასტრუქტურული პროექტი წყნეთში დიმიტრი ამილახვრის ქუჩაზეა დაგეგმილი. კახა კალაძის ინფორმაციით, ტერიტორიაზე ამორტიზებული მიწისქვეშა კომუნიკაციები კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ უკვე მოაწესრიგა.
„აღნიშნულ ქუჩაზე მიწისქვეშა კომუნიკაციები იყო ამორტიზებული, უმძიმესი მდგომარეობა გვქონდა. დღეის მდგომარეობით, მიწისქვეშა ინფრასტრუქტურა სრულად განახლებულია, ახლა უკვე საგზაო ინფრასტრუქტურა მოეწყობა. საუბარია, დაახლოებით, ერთი კილომეტრი სიგრძის ქუჩაზე, სადაც გზის საფარი სრულად განახლდება. პარალელურად განხორციელდება სანიაღვრე ქსელის პროექტიც“, - აღნიშნა თბილისის მერმა.
კახა კალაძის თქმით, წყნეთში, ამილახვრის N23-ში, დაახლოებით, ერთ ჰექტარ ფართობზე, დასასვენებელი სივრცე განახლდება. ტერიტორიაზე სხვადასხვა ასაკისა და ინტერესის ადამიანებისთვის კომბინირებული სივრცე მოეწყობა.
„გამწვანებულ ტერიტორიაზე განთავსდება ორი საბავშვო-გასართობი მოედანი სხვადასხვა ატრაქციონით, სპორტის მოყვარულთათვის კი მოეწყობა ორი ფიტნეს ზონა, სადაც ტრენაჟორები და მაგიდის ჩოგბურთი დამონტაჟდება. გარდა ამისა, მოეწყობა მოსასვენებელი პავილიონი, პანდუსი ეტლით მოსარგებლე ადამიანებისთვის, სასმელი წყლის შადრევანი, დამონტაჟდება განათებისა და სარწყავი ქსელები, ასევე, დაიდგმება საპარკე საქანელა სკამები. უსაფრთხოების მიზნით, ტერიტორიაზე ვიდეოკამერები განთავსდება. ამასთანავე, მოეწყობა სავალი ბილიკები, დაიგება ბალახი და დაირგვება მცენარეები. განახლებული სივრცე იქნება ძალიან ლამაზი. დარწმუნებული ვარ, სამუშაოების დასრულების შემდეგ, აღნიშნული სივრცით უამრავი ადამიანი ისარგებლებს“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.





























