პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი სპორტული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება.
როგორც მან პარლამენტში აღნიშნა, ამ მიზნით, 2 მილიარდიანი მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამა განხორციელდება.
"ბოლო პერიოდის განმავლობაშიც გვქონდა ძალიან მნიშვნელოვანი წარმატებები და ჩვენ მომავალშიც ხელი უნდა შევუწყოთ სპორტის წარმატებას, მაღალი მიღწევების სპორტის განვითარებას და ასევე ძალიან მნიშვნელოვანია მასობრივი სპორტის განვითარება ჩვენს ქვეყანაში. ჩართულობა მასობრივ სპორტში არის გაათმაგებული ბოლო წლების განმავლობაში და მაქსიმალურად ხელი უნდა შევუწყოთ, რომ ყველა თაობის ადამიანები, ჩვენი მოქალაქეები მაქსიმალურად იყვნენ ჩართული მასობრივ სპორტში. მხარდაჭერა გაგრძელდება.
ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი არის სპორტული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, მათ შორის ეს გულისხმობს მულტიფუნქციური სპორტული ცენტრების მშენებლობას მთელი ქვეყნის მასშტაბით. საბოლოო მიზანი არის ის, რომ თითოეული მუნიციპალური ცენტრი იყოს უზრუნველყოფილი მულტიფუნქციური სპორტული კომპლექსებით, რაც მოიცავს მათ შორის საცურაო აუზს, სხვადასხვა ტიპის ინფრასტრუქტურას, მოიცავს გარე მოედნებს, შიდა დარბაზებს და ა.შ. ასეთი ინფრასტრუქტურა უნდა იყოს უზრუნველყოფილი ყველა მუნიციპალურ ცენტრში, ამისათვის ჩვენ ვიწყებთ 2 მილიარდიან მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამას, რომელიც აუცილებლად წარმატებით განხორციელდება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
აღსანიშნავია, რომ საკითხზე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატის რანგში, 27 ნოემბერს, პარლამენტში გამოსვლისას ისაუბრა ირაკლი ქარსელაძემაც. მისი თქმით, დაგეგმილია სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების ახალი პროგრამა, რომლის ფარგლებშიც სპორტული მრავალფუნქციური კომპლექსების მშენებლობა გათვალისწინებულია საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში და 70 ათას მაყურებელზე გათვლილი ახალი მრავალფუნქციური სტადიონის მშენებლობა თბილისში.