2025 წელს 25 უმდიდრესი სპორტული კლუბის მფლობელის საერთო ქონებამ $607 მილიარდი შეადგინა და თუკი საუკეთესო ოცეულს გასული წლის ოცეულს შევადარებთ ვნახავთ, რომ ზრდამ 16%-ი შეადგინა.
ზედიზედ მეორე წელია წარმომადგენლობით კალათბურთი ლიდერობს, რომელსაც 11 გუნდი NBA-დან ჰყავს, ხოლო ორი WNBA-დან, ფეხბურთი 12 გუნდითაა წარმოდგენილი, მათ 8 მფლობელით მოსდევს NFL-ი და ოთხით NHL-ი. ბეისბოლიდან სტივ კოენი ერთადერთი მმართველია, რომელმაც რეიტინგში შესვლა მოახერხა.
სიაში მყოფი ბიზნესმენებიდან გასულ წელთან შედარებით თითქმის ყველას ქონება გაიზარდა, ყველაზე დიდი პროგრესი კი რობ უოლტონს ჰქონდა, რომელიც 2024/25 წლებში 32,6 მილიარდით გამდიდრდა. უოლტონის შემდეგ უდიდესი პროგრესი “მემფის გრიზლის” მმართველ რობერტ პერას ჰქონდა 15,7 მილიარდით. 25 ადამიანს შორის მხოლოდ სამია ისეთი, რომლის ქონებაც ბოლო ერთ წელიწადში შემცირდა, მათ შორის “ლოს-ანჯელეს კლიპერსის” სტივ ბალმერი, “რენის” ფრანსუა პინო და “ფინიქს სანსის” მეტ იშბია არიან.
სწორედ სტივ ბალმერია ის მმართველი, რომელიც $118 მილიარდით წელსაც არ თმობს პირველ ადგილს და ამავდროულად მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანებს შორისაც პრესტიჟულ მეათე პოზიციას იკავებს. ბალმერის ქონება ძირითადად კომპანია “მაიკროსოფტის” წილებთანაა დაკავშირებული, რომლის დირექტორადაც 2000-დან 2014 წლამდე მუშაობდა. თუმცა “ლოს-ანჯელეს კლიპერსის” პრეზიდენტის პირველი ადგილი სულ მალე შესაძლოა საფრთხის ქვეშ აღმოჩნდეს.
მოდის ინდუსტრიის ერთ-ერთი გიგანტის LVMH-ის მმართველმა ბერნარ არნომ, რომელიც ამავდროულად $178 მილიარდით მსოფლიოში მეხუთე უმდიდრესი ადამიანია, საფეხბურთო კლუბი “Paris FC” შეიძინა, მაგრამ რადგანაც ამერიკულ გამოცემა ფორბსს სიაში მეორე დივიზიონის კლუბების მფლობელები არ შეჰყავს, წელს ფრანგი სიაში ვერ მოხვდა. არნო, რომლის “Paris FC”-იც ლიგა 1-ში ასვლის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია, დაწინაურების შემთხვევაში აუცილებლად შევა რეიტინგში და დიდი უპირატესობით დაიკავებს პირველ ადგილს.
აღსანიშნავია, რომ ფორბსმა სიის დაკომპლექტებისას რეიტინგში ტრადიციული 20-ის ნაცვლად 25 მმართველი პირველად დაასახელა, რისი საშუალებითაც სიაში ევროპული საფეხბურთო კლუბების ახალი მმართველები მოხვდნენ, მათ შორის ისრაელელი გადაზიდვის მაგნატი იდან ოფერი ($22,5 მლრდ), რომელიც პორტუგალიურ კლუბ “ფამალიკაო”-ს ფლობს, დანიელი მოდის გიგანტი ანდერს ჰოლჩ პოვლსენი ($12,8 მლრდ), რომლის მფლობელობაშიცაა ადგილობრივი კლუბი “მიდტიულანდი” და ეგვიპტელი სამშენებლო მაგნატი ნასეფ სავირისი ($9,6 მლრდ) ბირმინგემული “ასტონ ვილას” თანამფლობელი.
სპორტული ორგანიზაციების უმდიდრესი მფლობელების 2025 წლის რეიტინგი ასე გამოიყურება:
5. იდან ოფერი - $22,5 მილიარდი
კლუბი: “ფამალიკაო”
4. დანიელ გილბერტი - $27,8 მილიარდი
კლუბი: “კლივლენდ კავალიერსი”
3. მირიამ ადელსონი და მისი ოჯახი - $32,1 მილიარდი
კლუბი: “დალას მავერიკსი”
2. რობ უოლტონი და მისი ოჯახი - $110 მილიარდი
კლუბი: “დენვერ ბრონკოსი”
1. სტივ ბალმერი - $118 მილიარდი
კლუბი: “ლოს-ანჯელეს კლიპერსი”