მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Spotify კვარტალურ მოგებაზე 1.5 წელში პირველად გავიდა

სტრიმინგი

მას შემდეგ, რაც გასულ კვირას Spotify-მ III კვარტალში მიღებულ მოულოდნელ ფინანსურ მოგებაზე განაცხადა, კომპანიის აქციებზე ფასები 10%-ით გაიზარდა. აღსანიშნავია, რომ შვედური სტრიმინგ-პლატფორმისათვის ეს 1.5 წლის განმავლობაში პირველი შემთხვევაა, როცა კომპანია კვარტალურ მოგებაზე გავიდა. CNBC-ის ცნობით, წლის განმავლობაში Spotify-ის ღირებულება გაორმაგდა და $33 მილიარდს გადააჭარბა.

კომპანიის ცნობით, კვარტალურმა მოგებამ $68.9 მილიონს მიაღწია, რისი მიზეზიც მარკეტინგსა და სამუშაო ძალაზე ხარჯების დაზოგვაა. წლის დასაწყისში Spotify-იმ სამსახურიდან 200 პირი, სრული სამუშაო ძალის 2% დაითხოვა.

ივლისი-სექტემბრის პერიოდში Spotify-ის შედეგებმა Wall Street-ის მოლოდინებს გადააჭარბა - ნავარაუდები 224 მილიონის ნაცვლად, პრემიუმ პაკეტით ამ პერიოდში 226 მილიონმა მომხმარებელმა ისარგებლა.

აღსანიშნავია, რომ პლატფორმაზე ულიმიტო სტრიმინგის ყოველთვიური პაკეტების ფასები მიმდინარე წელს $1-2-ით გაიზარდა. თავის კვარტალური შემოსავლების ანგარიშში კომპანია აღნიშნავს, რომ ფასების ცვლილების ადრეული ეფექტი გახდა წლიურ ჭრილში შემოსავლის 11%-იანი ზრდის მიზეზი.

III კვარტალში კომპანიას 574 მილიონი აქტიური მომხმარებელი ჰყავდა, რომლებმაც კომპანიას რეკლამებიდან €447 მილიონის შემოსავალი მოიტანეს, რაც, ანგარიშის თანახმად, წლიურ ჭრილში 16%-იანი ზრდაა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები