პოლიცია რუსულ სახელმწიფო სააგენტო Sputink-ის ბაქოს ოფისში შევიდა. როგორც Meduza წერს, აზერბაიჯანელმა სამართალდაცავებმა Sputink-ის ოფისი დაიკავეს. ჯერჯერობით ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს რეიდთან დაკავშირებით განცხადება არ გაუკეთებია.
რუსეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობა უკვე რამდენიმე დღეა დაძაბულია. მიზეზი რუსეთში პოლიციის მიერ ჩატარებული რეიდების დროს დაღუპული აზერბაიჯანის მოქალაქეები არიან.
დღეს, 30 ივნისს, ცნობილი გახდა, რომ აზერბაიჯანში რუსეთის სახელმწიფო და კერძო დაწესებულებების მიერ დაგეგმილი ყველა ღონისძიება გაუქმდა. აზერბაიჯანის კულტურის სამინისტრო X-ზე წერს, რომ კონცერტები, გამოფენები და ფესტივალები გაუქმდა „რუსი სამართალდამცავი ორგანოების მიერ ეთნიკური ნიშნით აზერბაიჯანელების წინააღმდეგ მიზანმიმართული ქმედებების გამო".
აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, რუსმა სამართალდაცავებმა 27 ივნისს აზერბაიჯანის მოქალაქეების სახლებში რეიდები ჩაატარეს, რა დროსაც ორი ადამიანი დაიღუპა, რამდენიმე მძიმედ დაშავდა, 50-მდე პირი კი დააკავეს. მომხდარის გამო საგარეო საქმეთა სამინისტროში აზერბაიჯანში რუსეთის საელჩოს დროებითი რწმუნებული დაიბარეს და დამნაშავეების დასჯა მოითხოვეს. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპულები 60 წლამდე პირები არიან.




























