მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ საპროტესტო აქციებს – ქუთაისის აკაკი წერეთლის უნივერსიტეტის ნაწილი

აწსუ

ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლების და სტუდენტების ნაწილი ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და აღნიშნავენ, რომ კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან და გმობენ ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების შეჩერებას.

განცხადების თანახმად, ისინი მოუწოდებენ კოლეგებს, სიმართლის მხარეს დადგნენ.

"ჩვენ, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები, მივიჩნევთ, რომ ევროპულ ოჯახში დაბრუნება წარმოადგენს ჩვენი ქვეყნის სამომავლო განვითარების იმპერატივს და ხალხის უზენაეს ნებას, რომელიც განსაზღვრულია ჩვენი წინაპრების ღვაწლით, ნათლადაა გამოხატული საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის მიერ და მკაფიოდაა გაწერილი საქართველოს კონსტიტუციაში.

შესაბამისად, ჩვენ კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით და ვგმობთ გადაწყვეტილებას ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების შეჩერებასთან დაკავშირებით და აღშფოთებით ვადევნებთ თვალს უკანასკნელ დღეებში ამ გადაწყვეტილების გასაპროტესტებლად ქუჩაში გამოსული ადამიანების, განსაკუთრებით კი ახალგაზრდების და მედიის წარმომადგენლების მიმართ განხორციელებულ უსასტიკეს ძალადობას, დამამცირებელ და არაადამიანურ მოპყრობას, რომელსაც მომიტინგეთა მხრიდან ვერანაირი ძალადობის საბაბი ვერ გაამართლებს და რომელიც სამარცხვინო ჩირქს სცხებს ქართულ საზოგადოებას.მივიჩნევთ რა, რომ საუნივერსიტეტო და აკადემიური საზოგადოება ვალდებულია, იდგეს ქვეყნისა და ჩვენი ახალგაზრდობის მომავლის სადარაჯოზე, სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ თბილისში, ქუთაისში, ბათუმსა და საქართველოს სხვა ქალაქებში მიმდინარე საპროტესტო აქციებს და მოვუწოდებთ ჩვენს კოლეგებს, დადგნენ სიმართლის მხარეს", - ვკითხულობთ გავრცელებულ განცხადებაში.

აღნიშნულ განცხადებას, ხელს 217 პროფესორ-მასწავლებელი და სტუდენტი აწერს.

საქართველოში 28 ნოემბრიდან აქციები მიმდინარეობს თბილისში, ქუთაისში, ბათუმში და საქართველოს სხვა ქალაქებში. მოქალაქეები აპროტესტებენ „ოცნების“ ხელისუფლების გადაწყვეტილებას ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერების შესახებ. დაკავებულია 150-მდე ადამიანი, სპეცრაზმი და პოლიცია უსასტიკესად უსწორდება საპროტესტო აქციის მონაწილეებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები