სამოქალაქო ავიაციის სააგენტო აცხადებს, რომ კეიპტაუნის კონვენციასთან საქართველოს მიერთების შესახებ დადგენილების პროექტის შეთანხმება უწყებებთან სრულდება, რის შემდგომაც მოხდება მისი წარდგენა საქართველოს პარლამენტისთვის დასამტკიცებლად. როგორც ეკონომიკის სამინისტროს ქვეუწყება bm.ge-ს კითხვის საპასუხოდ განმარტავს, სააგენტო ავიასაწარმოებთან კონსულტაციების ფარგლებში, მოწოდებულია გაითვალისწინოს ინდუსტრიის ის წინადადებები, რომლებიც ხელს უწყობს ფრენის უსაფრთხოების სტანდარტებს ამაღლებასა, თუ დარგის შემდგომ განვითარებას ქვეყანაში.
"საკითხი კეიპტაუნის კონვენციასთან მიერთების თაობაზე დღის წესრიგში დადგა ინდუსტრიის მოთხოვნის გათვალისწინებით. სააგენტოს მიერ, შემუშავებულია დადგენილების პროექტი, რომელიც სრულად შეჯერებული და შეთანხმებულია დეპოზიტართან (UNIDROIT). ამასთან, უკვე გავლილია კონსულტაციები დაინტერესებულ ავიასაწარმოებთან. ამ ეტაპზე, სრულდება ხსენებული დადგენილების პროექტის შეთანხმება უწყებებთან, რის შემდგომაც მოხდება მისი წარდგენა საქართველოს პარლამენტისთვის დასამტკიცებლად.
კეიპტაუნის კონვენციის მიზანია გადაჭრას საავიაციო ობიექტებზე (საჰაერო ხომალდი, ძრავები, შვეულმფრენი) მესაკუთრეს/მეიჯარესა და მოიჯარეს შორის არსებული წინააღმდეგობრივი უფლებების (opposable rights) მოპოვებასთან დაკავშირებული სირთულეები. მესაკუთრეს/მეიჯარეს სჭირდება შეინარჩუნოს აბსოლუტური გარანტიები თავის ქონებაზე. ამ მიზნით, კეიპტაუნის კონვენცია აფუძნებს რეგისტრაციის საერთაშორისო სისტემას თავისი უფლებამოსილი ორგანოთი (საქართველოში - სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტო) და შესაბამისი რეგისტრაციით, რომელიც მოიცავს ინფორმაციას საჰაერო ხომალდზე არსებული უფლებების თაობაზე. იმ შემთხვევაში, თუ ხელშეკრულებაზე ვრცელდება კონვენციის დებულებები, კრედიტორს ეძლევა გაცილებით მყარი გარანტიები საკუთარი უფლების დასაცავად.
ამასთან, კონვენცია ითვალისწინებს კრედიტორის უფლებების დაცვის მექანიზმებს დებიტორის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, რაც გულისხმობს, მათ შორის, საჰაერო ხომალდის მესაკუთრის უფლებას, დაუყოვნებლივ განახორციელოს საჰაერო ხომალდის დერეგისტრაცია და ექსპორტი, საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის თანხმობის გარეშე",-ნათქვამია სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ bm.ge-სთვის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, რომ BM.GE რამდენიმე დღის წინ წერდა, რომ ქართულ ავიაკომპანიებს თვითმფრინავების ლიზინგით გაცემაზე უარს ეუბნებიან. მიზეზი ისაა, რომ საქართველო ჯერ კიდევ არ არის მიერთებული საერთაშორისო კონვენციას, რომელიც სახელშეკრულებო პირობების დარღვევის შემთხვევაში სალიზინგო კომპანიების უფლებების დაცვას უზრუნველყოფს.
აღსანიშნავია, რომ “საერთაშორისო გარანტიების შესახებ კონვენციასთან“ საქართველოს შეერთების თაობაზე საქართველოს პარლამენტმა დადგენილება ჯერ კიდევ 2007 წელს მიიღო, თუმცა იმისთვის, რომ კეიპტაუნის კონვენციას ქვეყანა მიუერთდეს, პარლამენტის მხრიდან მისი რატიფიცირებაა საჭირო.
ქართული ბიზნესი ამბობს, რომ ეს საკითხი დღეს ავიაციის სექტორისთვის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა. კერძო სექტორი კეიპტაუნის კონვენციასთან საქართველოს მიერთების დროულ რატიფიცირებას ითხოვს.




























