"ქართული ოცნება" საარჩევნო პროგრამაზე მუშაობას იწყებს, რომელიც ირაკლი კობახიძის თქმით, საფუძვლად უნდა დაედოს 2025-2028 წლების სამთავრობო პროგრამას - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი კობახიძემ სამთავრობო პროგრამის წარდგენისას, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
"დაიწყება მუშაობა ,,ქართული ოცნების" საარჩევნო პროგრამაზე, რომელიც 2025-2028 წლების სამთავრობო პროგრამას დაედება საფუძვლად. ამ პროგრამით შეიქმნება საფუძველი ჩვენი ქვეყნის წინსვლისა და წარმატების. საქართველოს, როგორც დემოკრატიული, სამართლებრივი და სოციალური სახელმწიფოს განმტკიცებისთვის.
აქვე, მინდა, გამოვკვეთო საკითხები, რომლებზეც 4-წლიან სამთავრობო პროგრამაში უნდა გამახვილდეს ყურადღება. საქართველოს ეკონომიკა სწრაფი ტემპით იზრდება. სავალუტო ფონდის პროგნოზით, ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტი მსყიდველობითი უნარის პარიტეტის მიხედვით, ერთ სულ მოსახლეზე 2028 წელს 32 ათას აშშ დოლარს გადააჭარბებს, რითაც ევროკავშირის წევრი ქვეყნების მაჩვენებელს მაქსიმალურად მივუახლოვდებით. 32 000 დოლარი ოპტიმალური შედეგია, მაგრამ ჩემი აზრით, ამით არ უნდა დავკმაყოფილდეთ. სრულიად შესაძლებელია ეს მაჩვენებელი სულ მცირე 36 000-38 000 დოლარამდე გავზარდოთ. ჩვენ, არ უნდა მივყვეთ მხოლოდ არსებულ ტენდენციას, როგორი დადებითიც უნდა იყოს ის. უნდა გამოვავლინოთ პროაქტიურობა ქვეყანაში საინვესტიციო გარემოს კიდევ უფრო გასაუმჯობესებლად", - განაცხადა კობახიძემ.
ცნობისთვის, 2024 წელს, ნომინალური მშპ-ის პროგნოზი 86 მილიარდ ლარს შეადგენს, ხოლო მშპ 1 სულ მოსახლეზე 8,400 აშშ დოლარს.