პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, პარლამენტი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონს მიიღებს. როგორც ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ხვალ დაგეგმილია საკომიტეტო მოსმენა ხოლო ზეგ, მესამე მოსმენით მიღება. მისი მტკიცებით, კანონს მხარს მოსახლეობის 60%-ზე მეტი უჭერს.
„საქართველო საპარლამენტო დემოკრატიაა. ჩვენს ქვეყანაში გადაწყვეტილებები მიიღება ხალხის უმრავლესობის ინტერესების შესაბამისად და არა პოლიტიკური უმცირესობის მოთხოვნების მიხედვით. სოციოლოგიური კვლევების თანახმად, საქართველოს მოსახლეობის 80%-ზე მეტი მხარს უჭერს არასამთავრობო ორგანიზაციების გამჭვირვალობას, ხოლო 60%-ზე მეტი მხარს უჭერს უშუალოდ კანონს უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ. აქედან გამომდინარე, საქართველოს პარლამენტი ხვალ და ზეგ აღასრულეს ქართული საზოგადოების ნებას, უზრუნველყოს არასამთავრობო ორგანიზაციებისა და შესაბამისი მედია საშუალებების შემოსავლებისა და ხარჯების გასაჯაროება",- თქვა კობახიძემ.
ჟურნალისტის კითხვის მიუხედავად, პრემიერმა არ დაასახელა ორგანიზაცია, რომელმაც “რუსულ კანონზე” საზოგადოებრივი აზრის კვლევა ჩაატარა.
ორი მოსმენით მიღებულ "რუსულ კანონს" პარლამენტი ხვალ, 13 მაისს იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე, 09:00 საათიდან განიხილავს. მესამე მოსმენა პლენარულ სხდომაზე 14 მაისს გაიმართება. ამასთან, დღეს, 12 მაისს, პარლამენტის წინ, 22:00 საათიდან საპროტესტო აქცია - "გავათენოთ საქართველოსთვის" გაიმართება.




























