მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პრემიერი არ ასახელებს ორგანიზაციას, ვისაც “რუსულ კანონზე” საზოგადოებრივი აზრის კვლევა დაუკვეთეს

ირაკლი კობახიძე

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ბრიფინგზე 11 მაისს ჩატარებულ აქციას - “ევროპის მარშს” ეხმაურება და აღნიშნავს, რომ “ქართული ოცნების” ორგანიზებულ აქციაზე “რამდენჯერმე მეტი” ადამიანი იყო.

პრემიერი იმასაც ამბობს, რომ მმართველმა პარტიამ სოციოლოგიური კვლევა ჩაატარა, რომელიც ადასტურებს, რომ საზოგადოების უმეტესი ნაწილი, საუბარია დაახლოებით 80%-ზე მხარს უჭერს გამჭვირვალობას. მისივე განმარტებით, “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის მიღება კი 61%-ს სურს.

ჟურნალისტის კითხვის მიუხედავად, პრემიერი არ ასახელებს ორგანიზაციას, ვისაც “რუსულ კანონზე” საზოგადოებრივი აზრის კვლევა დაუკვეთეს.

“ჩვენ ჩავატარეთ სოციოლოგიური კვლევა, რომელიც ჩაატარა ერთ-ერთმა მაღალმა კვალიფიკაციის მქონე ორგანიზაციამ. კვლევამ აჩვენა, რომ 80%-ზე მეტი მხარს უჭერს გამჭვირვალობას, კანონთან დაკავშირებით 61%-ია მხარდაჭერა. შესაბამისად, ვხედავთ, თუ სად არის საზოგადოების მხარდაჭერა.

Მე უნდა შეგახსენოთ, რომ ჩვენს აქციაზე რამდენჯერმე მეტი ადამიანი იყო გამოსული გუშინდელ აქციასთან შედარებით, რაც ასევე აჩვენებს თანაფარდობას. ცალსახად შეიძლება იმის თქმა, რომ ჩვენ უნდა გავყვეთ უმრავლესობას. ეს არის რაციონალური გადაწყვეტილება და ეს გადაწყვეტილება უნდა იყოს პარლამენტის მიერ გამოცემულ აქტში” - აცხადებს კობახიძე.

ინფორმაციისთვის:ევროპის მოედანსა და მიმდებარე ქუჩებზე აქციის მსვლელობის პიკში 169 000-დან 200 000 ადამიანამდე იყო. მთლიანობაში, მათ შორის აქციის ცენტრისკენ მიმდინარე ხალხის ნაკადებთან ერთად კი "რუსული კანონის" წინააღმდეგ ევროპულ მარშზე გამოსული ადამიანების რიცხვმა 300 000-ს მიაღწია - ამის შესახებ წერს Visioner-ი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები