სააქციო საზოგადოება „ნიკორა“ საქმიანობას ახალი სახელით „ნიკორა მენეჯმენტ ჯგუფის“ - NMG-ის სახელით განაგრძობს. როგორც “საქმიანი დილის” ეთერში, კომპანიის გენერალური დირექტორის მოადგილე დავით ურუშაძემ განაცხადა, ეს არ არის ფორმალური ცვლილება.
“„ნიკორა“ უკვე თითქმის 30 წელია ბაზარზეა. ჩვენ ხორცპროდუქტების წარმოებით დავიწყეთ. ამ პერიოდის განმავლობაში გავიზარდეთ, კომპანია გახდა ჯგუფი, რომელიც უკვე 15 კომპანიაზე მეტს აერთიანებს, ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ დედა-კომპანიის სახელწოდება გაგვემიჯნა ჩვენი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულებისგან.
NMG ეს არის კორპორატიული მმართველობითი ორგანო, რომელიც ერთ სტრატეგიულ ჩარჩოში აქცევს ჯგუფში შემავალ კომპანიებს. ჩვენ ვეხმარებით ჯგუფში შემავალ კომპანიებს სტრატეგიის ჩამოყალიბებაში, ფინანსური რესურსების მოზიდვაში და, მოკლედ, ჯგუფს ვაქცევთ გუნდად, რომ იყვნენ ინტეგრირებულები ერთმანეთთან. თავად კომპანიები აბსოლუტურად დამოუკიდებლები არიან თავიანთ ოპერაციულ საქმიანობაში, კომერციულ საქმიანობაში, თავიანთი კომპეტენციების განხორციელებაში. ჩვენ უბრალოდ ვუწევთ მათ ზედამხედველობას”, - განმარტა დავით ურუშაძემ.
ცნობისთვის, სააქციო საზოგადოება “ნიკორას”, ახლა უკვე NMG-ის ქვეშ მოქცეულია სუპერმარკეტების ქსელი “ნიკორა”, “ლიბრე”, ასევე რძის პროდუქტების მწარმოებელი “დღის”, პურ-ფუნთუშეულის მწარმოებელი “პანე”, სადისტრიბუციო კომპანია “პარტნიორი”, სწრაფი კვების ბრენდი “ჰოთ დოგ რუმი”, ხორცპროდუქტების მწარმოებელი “მეტაბლე” და “კორიდა”, ძეხვეულის მწარმოებელი “შეფმაისტერი”, იმპორტიორი კომპანია “ინტრეიდი”და სხვა.
“შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ ჩვენს ჯგუფში თავმოყრილი არის კომპანიები, რომლებიც ქმნიან ერთ სრულ მიწოდების ჯაჭვს. ჩვენ ჯგუფში არის კომპანიები, რომლებიც არიან დაკავებულები იმპორტით, შემოაქვთ ნედლეული წარმოებებისთვის და ახალი პროდუქტები სუპერმარკეტების ქსელებისთვის, რომელსაც შემდეგ ჩვენ ვავითარებთ. ჩვენ გვაქვს წარმოებები, რომლებიც მოიცავენ რამდენიმე სეგმენტს - ეს არის ხორცის წარმოება, ხორცპროდუქტების წარმოება, რძის და ნაყინის წარმოება, პურ-ფუნთუშეულის წარმოება, თევზის და ზღვის პროდუქტების წარმოება. ჩვენს ჯგუფში არის ძალიან ძლიერად წარმოდგენილი ლოგისტიკური კომპონენტი, რომელიც იმპორტირებულ და ნაწარმოებ პროდუქციას ჩვენი ჯგუფის შიგნით აწვდის როგორც ჩვენს სუპერმარკეტების ქსელს, ასევე მოიცავს სრულად მთელ საქართველოს და საქართველოში მოღვაწე სხვა კომპანიებს. და რაც მთავარია, ჩვენი სუპერმარკეტების ქსელი, რომელიც ახდენს ამ პროდუქციის საბოლოო მომხმარებლამდე მიწოდებას და რეალიზაციას. შესაბამისად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ სრული, ასე ვთქვათ, მიწოდების ჯაჭვი ჩვენი ჯგუფის შიგნით მიმდინარეობს“, - განაცხადა კომპანიის დირექტორის მოადგილემ.
რაც შეეხება გეგმებს, დავით ურუშაძის თქმით, უახლოეს წლებში კომპანია კონცენტრირებული იქნება მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებსა და ახალი ტექნოლოგიების დანერგვაზე.
“სულ ცოტა ხნის წინ ჩვენ გავხსენით ულტრათანამედროვე ხორცპროდუქტების წარმოების ქარხანა, რომელიც ბოლო სიტყვის ტექნოლოგიებით არის აღჭურვილი. აგრეთვე ჩვენ დავიწყეთ თბილისის A კლასის ლოგისტიკური ცენტრის მშენებლობა. გარდა ამისა, ჩვენს სამომავლო გეგმებში არის ის, რომ სრულად გადავაიარაღოთ ჩვენი წარმოებები, დავნერგოთ ახალი ტექნოლოგიები და დიდი ყურადღება მივაქციოთ ლოგისტიკური კომპონენტის განვითარებას, რამეთუ საქართველოში ზოგადად, ლოგისტიკური ინფრასტრუქტურა ძალიან სერიოზულ დეფიციტშია”, - განმარტა მან.




























