მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

SS.ge-ს AI ასისტენტი დაემატა - პლატფორმა ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს

SS.GE

უძრავი ქონების პლატფორმა SS.ge მომხმარებლებს ახალ ფუნქციას სთავაზობს - საიტზე დაემატა AI ასისტენტი, რომელიც ძიებას ამარტივებს და გადაწყვეტილების მიღებაში ეხმარება.

კომპანიის ბიზნესისა და პროდუქტის განვითარების ხელმძღვანელმა, ილია გიჯაშვილი BMGTV-ს გადაცემაში „საქმიანი დილა“ განაცხადა, რომ ეს სიახლე პლატფორმის განვითარების კიდევ ერთი ეტაპია. მისივე თქმით, მათ პლატფორმაზე ინოვაციის დანერგვის საფუძველი მომხმარებლის საჭიროებების უკეთ გააზრება გახდა.

"მთავარი ამოსავალი წერტილი იყო მომხმარებლის საჭიროებების გაგება, რადგან უძრავი ქონების ძიება ბევრ დეტალთან არის დაკავშირებული და სწორ გადაწყვეტილებას მოითხოვს. ამიტომ, SS.ge-ზე წლების განმავლობაში ვითარდებოდა AI ინსტრუმენტები, რომელიც უზრუნველყოფს დუბლირებული განცხადებების დაჯგუფებას, აღწერილობის ავტომატური გენერაციას და ფასის განსაზღვრას. ამ პროცესის გაგრძელებაა AI ასისტენტის დამატება, რომელიც მომხმარებელს ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღებაში ეხმარება", - თქვა მან.

გიჯაშვილის განმარტებით, ახალი ინსტრუმენტი უკვე აქტიურია და ამ ეტაპზე მომხმარებელთა უკუკავშირის შეგროვება მიმდინარეობს: "საიტზე უკვე აქტიურია AI ასისტენტი, ერთი კვირაა გაშვებულია და შეგიძლიათ, რომ დატესტოთ და თან ახლა ისეთი ეტაპია, როცა "ფიდბექსაც" ვიღებთ მომხმარებლისგან, ძალიან მნიშვნელოვანია და ამ მიმართულებით კიდევ უფრო მეტად განვავითარებთ და დავხვეწთ ამ პლატფორმას".

მისივე თქმით, პირველადი შეფასებები დადებითია და AI ასისტენტი რეალურად ამცირებს დროის დანახარჯს: „მომხმარებლის უკუკავშირს მუდმივად ვაკვირდებით და პლატფორმაზე ჩაშენებული ინსტრუმენტების დახმარებით ვაგროვებთ. შეფასებები საკმაოდ დადებითია, რადგან ეს არ არის ინოვაცია ინოვაციისთვის - ეს არის რეალური ინსტრუმენტი, რომელიც მომხმარებელს ეხმარება, იყოს უფრო ინფორმირებული. მრავალ შეთავაზებას შორის არჩევა დიდ დროს მოითხოვს, ხოლო ეს შესაძლებლობა მომხმარებელს დროის დაზოგვას და უფრო მნიშვნელოვან, მათ შორის ემოციურ დეტალებზე კონცენტრირებას აძლევს“, - თქვა მან.

გიჯაშვილი აღნიშნავს, რომ AI ამ ეტაპზე ადამიანურ რესურსს არ ანაცვლებს, თუმცა მნიშვნელოვნად ამარტივებს პროცესებს. „ამ ეტაპზე ვფიქრობ, რომ ეს არის ინსტრუმენტი, რომელიც ეხმარება ადამიანს. ზოგადად AI-ს განვითარება სხვადასხვა მიმართულებით, თუნდაც დეველოპმენტში და ასე შემდეგ, იწვევს იმას, რომ გარკვეულწილად ადამიანური რესურსი ისეთი საჭირო აღარ ხდება, მაგრამ დღესდღეობით ეს არის ინსტრუმენტი, რომელიც ეხმარება, რომ უფრო სწრაფი გადაწყვეტილება მიიღო და უფრო მარტივად მიიღო ეს მნიშვნელოვანი ინფორმაცია თუ გადაწყვეტილებები“.

მისივე თქმით, პლატფორმაზე AI ტექნოლოგიები უკვე ფართოდ გამოიყენება, მათ შორის შიდა პროცესებშიც : „ეს ერთის მხრივ არის გარე ინსტრუმენტი მომხმარებლისთვის, მაგრამ ამ ხნის განმავლობაში შიგნით უკვე ბევრი ინსტრუმენტი არის განვითარებული, თუნდაც ეს მოდერაცია, შიდა სამუშაო პროცესშიც უკვე დანერგილია. დღეს უკვე წარმოუდგენელია, რომ რაღაც არ გამოვიყენოთ ეს ტექნოლოგიები, თუნდაც შიდა პროცესების სამართავად".

გიჯაშვილი ასევე შეეხო ბაზრის ტენდენციებს და აღნიშნა, რომ ბოლო პერიოდში უძრავი ქონების სექტორი სტაბილიზაციის ფაზაში გადავიდა: "ბოლო პერიოდში უძრავი ქონების ბაზარი დასტაბილურდა - თუ 2022-2023 წლებში მაღალი აქტივობა იყო, ახლა ტემპი უფრო მშვიდია. მომხმარებელიც აღარ ჩქარობს და გადაწყვეტილებებს უფრო დაკვირვებით იღებს, რაც ბაზრისთვის უფრო ჯანსაღი პროცესია. გაზრდილი მოლოდინის ფონზე ასეთი ინსტრუმენტები მათ ეხმარება, იყვნენ უფრო ინფორმირებულები. გარე ფაქტორები, ბუნებრივია, გავლენას ახდენს, რადგან დიდი ინვესტიციის დროს სტაბილურობის განცდა მნიშვნელოვანია. თუმცა, ჩვენი დაკვირვებით, ბოლო წლის ნელი ზრდის ტემპი შენარჩუნებულია და სავარაუდოდ ასე გაგრძელდება“.

მისივე შეფასებით, AI უკვე ნაწილობრივ ცვლის ძიების პროცესს, თუმცა ადამიანური კომუნიკაცია კვლავ აუცილებელია : "ძიების ეტაპზე AI გარკვეულწილად ამარტივებს პროცესს და სწორი შეთავაზების პოვნას აჩქარებს, თუმცა კომუნიკაცია, დათვალიერება და მოლაპარაკება კვლავ მნიშვნელოვან როლს ინარჩუნებს. ტექნოლოგიების სწრაფი განვითარების ფონზე, არ გამოვრიცხავთ, რომ მალე AI-მ მომხმარებელთან კომუნიკაციაც გაამარტივოს და მსგავსი შესაძლებლობები პლატფორმასაც დაემატოს".

დასასრულს, გიჯაშვილი აღნიშნავს, რომ მსგავსი ტექნოლოგიების დანერგვა ბიზნესისთვის უკვე აუცილებლობაა: "დღეს მგონია, რომ რაღაც არჩევანი აღარ არის, რომ რაღაც ეს არ გააკეთო. რაღაც ეს არის უკვე აუცილებლობა იმისთვის, რომ ბიზნესმა მომხმარებლის საჭიროებებს უპასუხოს".

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები