მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სსიპ-ები ბანკებში დეპოზიტებზე 500 მილიონ ლარს ინახავენ - აუდიტის ანგარიში

62920780395de
BM.GE
28.05.22 15:26
2353
სახელწიფო აუდიტის სამსახურის მიერ 2021 წლის ბიუჯეტის შესრულებაზე გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა, რომ სახელმწიფოს დაქვემდებარებაში არსებული სსიპ-ები და აიპები თავისუფალი ნაშთის სახით არსებულ ფულად რესურსებს ბანკებში ინახავენ. დოკუმენტის თანახმად, საუბარია 498 მილიონ ლარზე, რომელიც სსიპ/ა(ა)იპ-ების მფლობელობაშია.

2020 წელთან შედარებით საბანკო დეპოზიტების მოცულობა 106 მილიონი ლარით არის გაზრდილი. გარდა კომერციული ბანკებისა, ეს ორგანიზაციები საკუთარ სახსრებს სახელმწიფო ხაზინაშიც ინახავენ, რაც 2021 წლის ბოლოსთვის 145 მილიონ ლარს შეადგენდა. ჯამურად, სსიპების საბიუჯეტო ნაშთი 643 მილიონ ლარს შეადგენდა.

“რაც შეეხება სსიპ/ა(ა)იპ-ების ნაშთების მოცულობას, იგი ზრდადი ტენდენციით ხასიათდება. კერძოდ, ხაზინის მონაცემებით 2022 წლის დასაწყისში, სსიპ/ა(ა)იპ-ების განკარგვაში არსებული მთლიანი ნაშთი 79 მლნ ლარით გაიზარდა 2021 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით და 643 მლნ ლარი შეადგინა, საიდანაც 498 მლნ ლარი განთავსებულია კომერციულ ბანკებში,”- ნათქვამია აუდიტის ანგარიშში.



გარდა სსიპ-ებისა და აიპებისა ბანკებში თანხებს სხვა საბიუჯეტო ორგანიზაციებიც ინახავენ, რაც ჯამში 573 მილიონ ლარს აღწევს. აუდიტის სამსახურს ამ ფინანსურ რესურსებთან დაკავშირებით საკუთარი შენიშვნები აქვს.

“აუდიტის სამსახურის მიერ შესწავლილი 72 ორგანიზაციის შემთხვევაში, კომერციული ბანკების მიმდინარე და სადეპოზიტო ანგარიშებზე განთავსებულმა ჯამურმა ფულადმა რესურსმა, 2021 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, 582 მლნ ლარი შეადგინა. მათ შორის, ვადიანი დეპოზიტების მოცულობა 119 მლნ ლარია, საიდანაც 1 წლით ან/და ნაკლები ვადით განთავსებულია 19 მლნ ლარი, 1 წელზე მეტი ვადით კი 100 მლნ ლარი.

აღნიშნული 72 ორგანიზაციიდან 40-ის შემთხვევაში დეპოზიტები შესწავლილი იქნა 2021 და 2020 წლების ჭრილში. შედეგად, აღნიშნული უწყებების დეპოზიტების ჯამური მაჩვენებელი 2020 წელთან შედარებით გაზრდილია 113 მლნ ლარით, თუმცა ვადიანი დეპოზიტების მოცულობა შემცირებულია 90 მლნ ლარით.

საჯარო უწყებების მიერ კომერციული ბანკების დეპოზიტებზე განთავსებული თავისუფალი ფულადი სახსრების მოცულობიდან გამომდინარე, მიზანშეწონილია, გაგრძელდეს მუშაობა გამოუყენებელი ფულადი სახსრების იდენტიფიცირებასა და მათ მიმართვაზე სახელმწიფო პროდუქტების/სერვისების შექმნის ან/და გაუმჯობესების მიმართულებით,”- ნათქვამია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები