მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

“სსიპ-ების გაუქმება ნიშნავს, რომ განათლების სისტემაში ფული არ არის”- განათლების ექსპერტი

ღლონტი

“მრჩება შთაბეჭდილება, რომ ეს არის ადმინისტრაციული ხარჯების დაზოგვის პოლიტიკა, რაც თავისთავად ძალიან ცუდი ინდიკატორია, რადგან ეს ნიშნავს, რომ განათლების სისტემაში ფული არ არის”- ასე ეხმაურება უმაღლესი განათლების ექსპერტი, ლიკა ღლონტი გადაცემა რედაქტ2-ში განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებას, გააუქმოს განათლების საერთაშორისო ცენტრი და ასევე პროფესიული უნარების სააგენტო.

მისი თქმით, განათლების საერთაშორისო ცენტრის ლიკვიდაცია ძალიან ბევრ კითხვას აჩენს, მათ შორის შენარჩუნდება თუ არა ახალი სასტიპენდიო პროგრამა და შეძლებენ, თუ არა ქართველი სტუდენტები განათლება მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტებში მიიღონ.

როგორც ცნობილია, რეორგანიზაციიის მიზეზით განათლების სამინისტრო განათლების საერთაშორისო ცენტრს და პროფესიული უნარების სააგენტოს აუქმებს. სამინისტრო აცხადებს, რომ განათლების საერთაშორისო ცენტრი და პროფესიული უნარების სააგენტო ცალკეული უწყების სახით აღარ იქნება წარმოდგენილი და ფუნქციონირებას სამინისტროს ცენტრალურ აპარატში გააგრძელებს.

როგორც ცნობილია, პროფესიული უნარების სააგენტო 2021 წელს მიხეილ ჩხენკელის მინისტრობის დროს შეიქმნა და მის მიზანს შრომის ბაზარზე მოთხოვნადი პროფესიული პროგრამების დანერგვის ხელშეწყობა წარმოადგენდა.

რაც შეეხება განათლების საერთაშორისო ცენტრის ლიკვიდაციას, აღნიშნული ცენტრი 2014 წლიდან ფუნქციონირებს და ის საქართველოს მოქალაქეებს გრანტებით და სტიპენდიებით მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში სწავლაში ეხმარებოდა. მთავრობის დადგენილების თანახმად, ცენტრის ლიკვიდაციის პროცესი წლის ბოლომდე იგეგმება.

“განათლების საერთაშორისო ცენტრი იყო ერთ-ერთი ყველაზე უფრო კარგი ინიციატივა და პროექტი, რომელიც „ქართული ოცნების“ მმართველობის დროს დაიწყო და განხორციელდა. მართალია იდეები უფრო ადრე, ჯერ კიდევ პრეზიდენტ სააკაშვილის და შემდეგ პრეზიდენტ მარგველაშვილის პირობებში არსებობდა, მაგრამ სრული სახით ეს პროგრამა ამუშავდა 2014 წელს და მხვდა წილად პატივი პირველი ოთხი წლის განმავლობაში შესარჩევი კომისიის წევრი ვყოფილიყავი. მსგავსი ცენტრები არსებობს თითქმის ყველა განვითარებულ ქვეყანაში და ამ ცენტრის ამოცანა არის საკუთარ მოქალაქეებს მისცეს მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტებში მაღალი ხარისხის უმაღლესი განათლების მიღება.

როგორც წესი, აქცენტი იყო გაკეთებული სამაგისტრო პროგრამებზე, თუმცა იყო საბაკალავრო პროგრამებიც დაფინანსებული, სადოქტორო პროგრამებიც და იყო კვალიფიკაციის ამაღლების კურსებიც. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტი იმისთვის, რომ აკადემიური სივრცე საქართველოში იყოს გახსნილი საერთაშორისო ურთიერთობისთვის. ეს არის ინტერნაციონალიზაციის სტრატეგიის მნიშვნელოვანი ნაწილი.

1600-ზე მეტი ბენეფიციარი ჰყავდა ამ პროგრამას და მისი ლიკვიდაცია, რასაკვირველია, ძალიან ბევრ კითხვას აჩენს. სრულად ამ ცენტრის ფუნქციონირება ვერ დაიხურება, თუნდაც იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ამ წუთს სტიპენდიატები არიან, რომლებიც საზღვარგარეთ სწავლობენ და მათ სჭირდებათ მხარდაჭერა, მათ სჭირდებათ სტიპენდიების გადარიცხვა, ანუ სულ მცირე ის ხალხი, ვინც შარშან და შარშანწინ მიიღო დაფინანსება, მათი ფინანსური ვალდებულებები უნდა შესრულდეს სახელმწიფოს მიერ.

ჩემთვის გაუგებარია და კითხვის ნიშნის ქვეშაა ის საკითხი, შენარჩუნდება თუ არა ახალი სტიპენდიების პროგრამა, ანუ, მაგალითად, გაისად ექნებათ თუ არა საქართველოს მოქალაქეებს საშუალება აწი უკვე განათლების სამინისტროში შეიტანონ განაცხადები და ჰქონდეთ საშუალება გააგრძელონ სწავლა საზღვარგარეთის საუკეთესო უნივერსიტეტებში. ამ კითხვაზე პასუხი ვერ მივიღე.

ამ ცენტრის შარშანდელი ბიუჯეტი იყო 5,2 მილიონი ლარი, შენარჩუნდება თუ არა ეს ბიუჯეტი, იქნება თუ არა ახალი სტიპენდიებისთვის კონკურსი, ამაზე ჩვენ პასუხი ჯერჯერობით არა გვაქვს.

პარალელურ რეჟიმში უნარების სააგენტოც იხურება. მე მრჩება შთაბეჭდილება, რომ ეს არის ადმინისტრაციული ხარჯების დაზოგვის პოლიტიკა, რაც თავისთავად ძალიან ცუდი ინდიკატორია, რადგან ეს ნიშნავს, რომ განათლების სისტემაში ფული არ არის. თუკი მსგავს ნაბიჯებზე მიდიან და სსიპ-ებს აუქმებენ, ეს ნიშნავს მათი პერსონალის შემცირებას, ეს ნიშნავს შენობების გათავისუფლებას. ეს ერთ-ერთი ინდიკატორი, რომ სისტემაში ფული არ არის და ადმინისტრაციული ხარჯების დაზოგვის გზას ადგანან”,-აცხადებს რედაქტ2-თან ინტერვიუში ლიკა ღლონტი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები