საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი, ლევან სილაგავა აცხადებს, რომ ქვეყანაში ხორბლის მარაგების პრობლემა არ არსებობს და ხდება ახალი მოსავლის აღებაც, რაც მისივე თქმით, სტაბილურობას უზრუნველყოფს.
„შეგვიძლია დარწმუნებით ვთქვათ, რომ მარაგიც არსებობს და დაახლოებით 2-თვიანი მარაგის აღება მოხდება უახლოეს თვეებში, რაც უზრუნველყოფს ამ თვეების განმავლობაში აბსოლუტურ დაცულობას სასურსათო უსაფრთხოების მხრივ. ანუ მარაგების მხრივ ჩვენ პრობლემა არ გვაქვს“, - განაცხადა ლევან სილაგავამ „მედიაცენტრ მთავარში“ და აღნიშნა, რომ ფასების მკვეთ ზრდას არ ელის.
მან ასევე ისაუბრა ფქვილის საიმპორტო გადასახადის სექტემბრის შემდეგ კვლავ გაგრძელების საჭიროებაზე იმისთვის, რომ განჭვრეტადი იყოს სექტორის მუშაობა. მან გადასახადის 1-წლიანი მოქმედებს პოზიტიურ შედეგებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ბიუჯეტში 30 მლნ ლარამდე შევიდა, რაც მისი თქმით, ფასების ზრდის შემთხვევაში, შესაძლოა, დასტაბილურებისთვის გამოიყენონ.
„საიმპორტო გადასახადმა მოგვიტანა სტაბილურობა პურის ბაზარზე - ფასი არ გაზრდილა, სტაბილურობა ადგილობრივი ხორბლის ჩაბარებაზე - ფერმერებმა ფაქტობრივად ორი წლის მოსავალი ჩააბარეს და ყველაზე მთავარი, ამ საიმპორტო გადასახადით 30 მლნ ლარამდე შეგროვდა მთლიანობაში ბიუჯეტში. ამ ანალიზიდან გამომდინარე მოვუწოდეთ მთავრობას, რომ გააგრძელოს სექტემბრის შემდეგ გადასახადის მოქმედების ვადა, რათა ჩვენი მუშაობა უფრო განჭვრეტადი იყოს, წისქვილებმა იმუშაონ და მეხორბლეებმა ხორბალი უფრო მოგებიანად ჩააბარონ“, - აღნიშნა ლევან სილაგავამ.
შეგახსენებთ, საქართველოში მეხორბლეობის დარგისთვის გამოწვევები 2022 წელს დაიწყო. ხორბლის იმპორტი მნიშვნელოვნად შემცირდა. ამის მიზეზიც მთავარ საიმპორტო ბაზარზე - რუსეთში ხორბლის ექსპორტზე დაწესებული ბაჟი იყო, რომელიც ხორბლის იმპორტიორებს საქონლის შეძენას უძვირებდა. ამასთან, 2022 წელს რეკორდულად გაიზარდა ფქვილის იმპორტი, რადგან იმავე რუსეთში ამ დასახელების საქონელზე ნულოვანი საექსპორტო გადასახადი მოქმედებდა. შედეგად საქართველოში ხორბლის ადგილობრივი გადამუშავება, ფაქტობრივად გაჩერდა, ფერმერებს კი მოყვანილი მოსავალი ჩაუბარებელი რჩებოდათ. საპასუხოდ, მთავრობამ დროებითი საიმპორტო გადასახადი დააწესა ქერზე (100 ლარი), ქატოსა (100 ლარი) და ფქვილზე (250 ლარი), რომელიც ბოლო გახანგრძლივების შედეგად, 1-ელ სექტემბრამდე იმოქმედებს. მიმდინარე წლის მონაცემებით, ფქვილის იმპორტი შემცირდა, ხოლო ხორბლის - გაიზარდა.