სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის 2021-2022 წლების საქმიანობის შესაბამისობის ანგარიში წარადგინა, რომლის თანახმადაც, გამოუყენებელი ინფრასტრუქტურული ობიექტების დაგეგმვაში, მუნიციპალიტეტმა არაეფექტიანად 104.1 ათასი ლარი დახარჯა და პროექტის განხორციელებით განსაზღვრულ შედეგებს ვერ მიაღწია.
აუდიტის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტი შესყიდვებს ახორციელებს წინასწარ დამტკიცებული გეგმის შესაბამისად. შესყიდვების წლიური გეგმის პროექტის შემუშავების დროს გათვალისწინებულ უნდა იქნეს შესყიდვის განხორციელების აუცილებლობა. გარდა ამისა, მუნიციპალიტეტმა უნდა დანერგოს ფინანსური მართვისა და კონტროლის ისეთი სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს სახსრებისა და რესურსების ეკონომიურად, ეფექტიანად და პროდუქტიულად გამოყენებას.
2021-22 წლები მოწყობილი ობიექტების დათვალიერებისას, აუდიტის სამსახურმა გამოავლინა, რომ მუნიციპალიტეტის საქმიანობა დაგეგმილი პროექტების დასრულებისა და ფუნქციონირების მხრივ, ხარვეზებით მიმდინარეობდა. კერძოდ:
- 2022 წელს სოფელ საღამოში მოეწყო სტადიონი ღირებულებით − 25.9 ათასი ლარი. ობიექტი მდებარეობს დაუსახლებელ ადგილას, სოფლიდან მოშორებით და მოსახლეობა ვერ იყენებს.
- აუდიტით გამოვლინდა 78.2 ათასი ლარის ღირებულების 5 ინფრასტრუქტურული ობიექტი, რომლებიც არ ფუნქციონირებს. მათი ექსპლუატაციისათვის საჭიროა დამატებითი სამუშაოების შესრულება.
აუდიტის რეკომენდაცია: მერიამ შეიმუშაოს ინფრასტრუქტურული პროექტების მართვის სტრატეგია/წესი, რომლის ფარგლებშიც სამუშაოებს დაგეგმავს ყველა იმ ფაქტორის გათვალისწინებით, რამაც შესაძლოა ხელი შეუშალოს პროექტის წარმატებით დასრულებას ან/და გამოყენებას; მათ შორის, შეისწავლოს პროექტის პრიორიტეტულობა, შესასრულებლად საჭირო რესურსი და აქედან გამომდინარე განსაზღვროს, რამდენად შესაძლებელია მისი განხორციელება და დასახული მიზნის მიღწევა. აღნიშნული ხელს შეუწყობს ობიექტების გამართულ ფუნქციონირებასა და მოსახლეობისთვის შესაბამისი სერვისების მიწოდებას.