"უამრავი ადამიანი რეკავს სად ვართ, როდის ვბრუნდებით თბილისში, სტამბოლის აეროპორტში ვართ მე ჩემი მეუღლე და ჩემი პატარა ნიკოლა და ვბრუნდებით თბილისში", - ამის შესახებ თბილისის მერი კახა კალაძე ვიდეომიმართვაში ამბობს, რომელსაც თავად ავრცელებს.
მანვე ასევე განმარტა, რა გზით არის შესაძლებელი ქართველების საქართველოში დაბრუნება მასკატიდან და რიადიდან.
მან ასევე ისაუბრა, მთავრობის გადაწყვეტილებაზე, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის, რომელთა დაბრუნებასაც დროულად ვერ უზრუნველყოფენ შესაბამისი ავიაკომპანიები სპეციალური რეისები სრულდება.
"გადავწყვიტე ვიდეო ჩამეწერა, რადგან უამრავი ადამიანი რეკავს, კითხულობს, სად ვართ, როგორ ვართ, როდის ვბრუნდებით თბილისში. ახლა, მე ჩემი მეუღლე და ჩემი პატარა - ნიკოლა სტამბოლის აეროპორტში ვართ და ვბრუნდებით თბილისში. რაც ახლო აღმოსავლეთში ხდება, მართლაც ძალიან მძიმეა. ვიცი, რომ ჩვენი ქვეყნის ბევრი მოქალაქე დუბაიში აბუ-დაბიში იმყოფებოდა, საქართველოს მთავრობამ ჩარტერები დააორგანიზა, იმისთვის, რომ საქართველოს მოქალაქეები დაბრუნდნენ საკუთარ ქვეყანაში. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ამისთვის პრემიერ - მინისტრს. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი იყო აღნიშნული გადაწყვეტილება. აუცილებლად ვისაც სურვილი გაქვთ უნდა მიმართოთ საქართველოს საელჩოს და გამოიყენეთ აღნიშნული შესაძლებლობა. ფენები არის ომანიდან, ამასთან დაკავშირებითაც ბევრი კითხვები იყო უამრავი ზარი იყო ანუკასთან, კითხვები თუ როგორ შეიძლება ომანში მოხვედრა. მანქანით ყოველგვარი პრობლემების გარეშე, გზა არის აბსოლუტურად უსაფრთხო ომანში გადასვლა. ფრენები არის მასკატიდან. ჩვენ რიადში გადავფრინდით და ახლა ჩამოვფრინდით სტამბოლში. დღეს ღამე ვიქნებით თბილისში. ვისაც სურვილი გაქვთ დუბაიდან და აბუდაბიდან საქართველოს მთავრობამ დააორგანიზა სპეციალური რეისი ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისთვის, რაც ძალიან კარგია და მნიშვნელოვანია. მშვიდობა მინდა ვუსურვო მსოფლიოს, მშვიდობა ჩვენს ქვეყანას, მგონი ყველა ვხვდებით, რომ ამაზე ძვირფასი არაფერია. მშვიდობა არის ძალიან მნიშვნელოვანი", - განაცხადა კალაძემ.




























