ახლად გამოქვეყნებული ფინანსური ანგარიშგების თანახმად, ყავის მწარმოებელი გიგანტის, Starbuck-ის ახალმა აღმასრულებელმა დირექტორმა, თანამდებობის დაკავებიდან 4 თვეში თითქმის $100 მილიონი გამოიმუშავა.
ბრაიან ნიკოლის 2024 წლის კომპენსაცია კომპანიამ $95 801 676-ად შეაფასა, რაც ნიშნავს, რომ სწორედ ეს თანხა მიიღო Starbucks-ის დირექტორმა ხელფასის სახით, 9 სექტემბერს პოზიციაზე დანიშვნის დღიდან წლის ბოლომდე.
Bloomberg-ის ინფორმაციით, კომპენსაციის ძირითადი ნაწილი აქციების სახით გაიცა. ნიკოლის საბაზისო ანაზღაურება $61 538-ია, რასაც $90 291 772-ის ღირებულების აქციები დაემატა. ამასთან, ნიკოლის კონტრაქტში გათვალისწინებული იყო $5-მილიონიანი ბონუსი, რომელიც ახალ დირექტორს საქმიანობის დაწყებიდან 1 თვის შემდეგ გადაეცემა.
ამასთან, ახალმა CEO-მ კომპანიისგან დამატებით $143 567 მიიღო, რაც ბრაიან ნიკოლის დროებითი საცხოვრებლის ხარჯებს ანაზღაურებდა. იქიდან გამომდინარე, რომ თავად ნიკოლი სამხრეთ კალიფორნიაში ცხოვრობს, კომპანიის სათავო ოფისი კი ვაშინგტონში, სიეტლშია, აღმასრულებელი დირექტორი ქალაქებს შორის გადაადგილებისთვის კომპანიის კერძო თვითმფრინავით სარგებლობდა და სასტუმრო ოთახს ქირაობდა.
აღსანიშნავია, რომ ანგარიშგების გამოქვეყნებამდე რამდენიმე დღით ადრე ბრაიან ნიკოლმა სტარბაქსის სამუშაო ძალის სავარაუდო შემცირებაზე გააკეთა მინიშნება, როგორც მან პარტნიორებთან გაგზავნილ წერილში განაცხადა, კომპანია მხარდამჭერ ორგანიზაციებს აკვირდება და მათ შემცირებას განიხილავს, რამაც, შესაძლოა, შემცირებები გამოიწვიოს.




























