მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Starlink-ი საქართველოშია - რა შეიცვლება ინტერნეტ-მომსახურების ბაზარზე?

რამდენიმე დღის წინ სოციალური ქსელების ქართულ ნაწილში სტარლინკის თანამგზავრების ფოტოები გამოჩნდა, გუშინ თავად მასკმა დატვიტა, რომ "სტარლინკის მაღალი სიჩქარის ინტერნეტი უკვე საქართველოშიც ხელმისაწვდომია".

ილონ მასკის დაარსებულმა კომპანია SpaceX-ის Starlink-მა კომუნიკაციების კომისიაში სატელიტური ინტერნეტ სერვისების მიწოდების მიზნით ავტორიზაცია 2022 წლის ივლისში გაიარა. კომუნიკაციების კომისიის ინფორმაციით, ავტორიზაციის განაცხადი კომპანიამ 2022 წლის 8 ივლისს შეავსო. 29 ივნისს Starlink Holdings Netherlands-მა საქართველოში შვილობილი „სტარლინკ ჯორჯია“ დააფუძნა და ავტორიზაციის მიზნით 8 ივლისს კომუნიკაციების კომისიასაც მიმართა, რის შემდეგაც კომისიამ 14 ივლისს Starlink-ს ავტორიზაცია მიანიჭა.

ერთია რომ სტარლინკის საშუალებით ინტერნეტი ხელმისაწვდომია, მეორე რას ცვლის ის ბაზრის ტრადიციული მოთამაშეებისთვის.

Starlink-ის ინფრასტრუქტურის მიღებას მომხმარებელი 1-2 კვირაში შეძლებს, ხოლო რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ანუ ინტერნეტის სიჩქარე - ის ცვალებადია და დამოკიდებულია, როგორც ამინდზე, ასევე ხელოვნური თანამგზავრების ადგილმდებარეობაზე. გადმოწერის შემთხვევაში, Starlink-ის ინტერნეტი 40-220+ მეგაბიტი/წმ-ის შუალედში მერყეობს, ატვირთვის შემთხვევაში კი, შუალედი 8-25+ მეგაბიტი/წმ-ია. დაყოვნება კი, 20-იდან 60 მილიწამამდე მერყეობს.

არანაკლებ მნიშვნელოვანია მომსახურების ფასი. ილონ მასკის კომპანიის სერვისის ღირებულება ორ ნაწილადაა გაყოფილი, რადგან ინდივიდუალურ, ანუ საცალო მომხმარებლებს ერთი ტარიფი აქვთ, კორპორაციულ მომხმარებლებს კი - მეორე. ამასთან, Starlink-ის ყოველთვიური გადასახადი ორი ნაწილისგან შედგება და ამ სერვისის მისაღებად, მომხმარებელს გარკვეული ინვესტიციის განხორციელება დასჭირდება.

ინდივიდუალური მომხმარებლებისთვის, Starlink-ის ყოველთვიური გადასახადი 160 ლარს შეადგენს, ხოლო სერვისის აპარატურის მისაღებად გადასახდელი თანხა 1780 ლარია, მაგრამ ეს თანხა ერთჯერადია. ამასთან, 235 ლარი არის გადასახდელი აპარატურის თბილისში მისაღებად. გამოდის, რომ ჯამურად, პირველ თვეს, Starlink-ის მომსახურება ადამიანს 2175 ლარი დაუჯდება, ხოლო ერთწლიანი მომსახურების შემთხვევაში, თანხა 3775 ლარს შეადგენს, რადგან პირველი ოცდაათი დღის განმავლობაში, სერვისი უფასოა.

კორპორაციული მომხმარებლების შემთხვევაში, ფასი განსხვავებულია. კორპორაციულ კლიენტებს Starlink-ი გამოსაყენებელი ინტერნეტის მოცულობით სამ განსხვავებულ პაკეტს სთავაზობს, ესენია 1-ტერაბაიტიანი, 2-ტერაბაიტიანი და 6-ტერაბაიტიანი პაკეტი. ინტერნეტის აღნიშნული მოცულობა, ე.წ. “პრემიული”, ანუ შედარებით სწრაფი ინტერნეტია, რომლის ამოწურვის შემდეგ, მომხმარებელი ჩვეულებრივი სიჩქარის ინტერნეტს მიიღებს. სამივე პაკეტის შემთხვევაში, Starlink-ის ინფრასტრუქტურის ღირებულება 8321 ლარი და 36 თეთრია, ხოლო მიწოდების ღირებულება 500 ლარს შეადგენს.

სტუმარი: უჩა სეთური - “მცირე და საშუალო ტელეკომ ოპერატორების ასოციაციის” აღმასრულებელი დირექტორი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები