კომუნიკაციების ბრიტანულმა პიონერმა, Vodafone-მა და სატელიტების მწარმოებელმა ამერიკულმა კომპანია AST SpaceMobile-მა ილონ მასკის Starlink-ის კონკურენტზე მუშაობა დაიწყეს. საუბარია პროექტზე, რომლის ფარგლებშიც დედამიწის ორბიტაზე განთავსდება სატელიტები და ევროპის რეგიონს ინტერნეტს მიაწვდის. მხარეებმა უკვე დააფუძნეს ერთობლივი კომპანია SatCo.-ც, რომლის სათავო ოფისიც გერმანიაში, მიუნხენში გაიხსნება. როგორც ირკვევა, სწორედ ამ შენობიდან იგეგმება სატელიტური სისტემის მართვა.
არსებული ინფორმაციით, საწყის ეტაპზე, ეს პროდუქტი ხელმისაწვდომი ევროკავშირის 21 წევრ ქვეყანაში იქნება. მისი გამოყენება როგორც სტანდარტული სატელეკომუნიკაციო მიზნებისთვის, ისე საგანგებო მდგომარეობის დროს გადაუდებელი ზარების განხორციელებისთვის იქნება შესაძლებელი. აღსანიშნავია, რომ პროექტის ამუშავება და კომერციალიზაცია 2026 წლისთვისაა დაგეგმილი.
თუ Vodafone-ისა და AST SpaceMobile-ის თანამშრომლობა წარმატებული აღმოჩნდება, ეს იქნება ილონ მასკის Starlink-ისთვის შექმნილი პირველი სერიოზული გამოწვევა, რომელსაც კომპანია ევროპულ ბაზარზე შეხვდება. ამასთან, ეს პროექტი ევროკავშირის წევრებს კომუნიკაციების კუთხით მეტ დამოუკიდებლობას მოუტანს.




























