მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სტარმერი პუტინს მოუწოდებს დაამტკიცოს, რომ მშვიდობას სერიოზულად უყურებს

უკ

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს მოუწოდა, ხელი მოაწეროს უკრაინის წინააღმდეგ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას და დაამტკიცოს, რომ მშვიდობის საკითხს სერიოზულად უყურებს.

სტარმერმა ბრიფინგი უკრაინის მოკავშირე ქვეყნების, "მსურველთა კოალიციის", ვირტუალური შეხვედრის შემდეგ გამართა და აღნიშნა, რომ კრემლის მიერ პრეზიდენტ ტრამპის შეთავაზებულ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებაზე ხელის მოწერის გაჭიანურება და "ბარბაროსული თავდასხმები" უკრაინაზე, წინააღმდეგობაში მოდის პუტინის მიერ გამოცხადებულ მშვიდობასთან.

"შევთანხმდით, რომ ბურთი რუსეთის მოედანზეა. პრეზიდენტმა პუტინმა უნდა დაამტკიცოს, რომ მშვიდობას სერიოზულად უყურებს და თანაბარ პირობებში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას უნდა მოაწეროს ხელი", - განაცხადა სტარმერმა.

ორ საათიან ვირტუალურ შეხვედრაში, რომელიც 15 მარტს გაიმართა, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად მსოფლიოს 30-მდე ლიდერი მონაწილეობდა, მათ შორის ლიდერები ევროკავშირიდან, ნატოდან, ავსტრალიიდან, კანადიდან და ახალი ზელანდიიდან.

შეხვედრის მონაწილეებმა, სტარმერის თქმით, კვლავ დაადასტურეს უკრაინის მხარდაჭერა, განსაკუთრებით აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ მიდგომების შეცვლის ფონზე.

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ შეხვედრაზე ახალი ვალდებულებების განხილვაც დაიწყო როგორც ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების, ასევე ევროპის თავდაცვის მიმართულებებით.

სტარმერს კონკრეტული დეტალები არ დაუსახელებია, თუმცა აღნიშნა, რომ მოკავშირეები მზად არიან, უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ მშვიდობის უზრუნველსაყოფად საკუთარი სამხედროები გაგზავნონ.

შეხვედრას წინ უსწრებდა აშშ-ის შეთავაზება უკრაინაში 30 დღით ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, რომელსაც მხარი ზელენსკიმ დაუჭირა, თუმცა პუტინმა - არა. რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ შეთანხმებამდე გარკვეული დეტალების დაზუსტება იქნებოდა საჭირო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები