მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სტაციონარებისთვის საერთაშორისო აკრედიტაციის წარდგენის ვადა კიდევ გახანგრძლივდა - პირობები

საწოლი

სტაციონარული კლინიკებისთვის საერთაშორისო აკრედიტაციის დამადასტურებელი სერტიფიკატის წარდგენის ვადა კიდევ თვენახევრით, 2025 წლის 15 ივნისამდე გადავადდა. შესაბამისი ბრძანება ჯანდაცვის სამინისტრომ დღეს, 2 მაისს გამოსცა. აქამდე სტაციონარულ კლინიკებს აკრედიტაციის წარდგენის ვადა 1 მაისამდე ჰქონდათ.

აღსანიშნავია, რომ როგორც ბრძანებაშია მითითებული, თუ სტაციონარულ პირობებში განსახორციელებელი მომსახურების მიმწოდებელი დაწესებულება, რომელიც ვერ მოახერხებს ვადაში აკრედიტაციის მოპოვებას და შესაბამისი სერტიფიკატის წარდგენას, უფლებამოსილია 15 ივნისამდე მიმართოს სამინისტროს და წარუდგინოს საერთაშორისო აკრედიტაციის განმახორციელებელ ორგანიზაციასთან გაფორმებული ხელშეკრულება, რომელიც ასახავს/ადასტურებს სამედიცინო დაწესებულებაში მიმდინარე აკრედიტაციის პროცესს.

ამ შემთხვევაში ჯანდაცვის მინისტრი უფლებამოსილია, საგამონაკლისო წესით, სტაციონარულ დაწესებულებას მისცეს დამატებითი გონივრული ვადა (არაუგვიანეს 2025 წლის 31 დეკემბრისა) საერთაშორისო აკრედიტაციის დამადასტურებელი სერტიფიკატის მოსაპოვებლად.

როგორც ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ გუშინ, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ პრესკონფერენციაზე განაცხადა, დარჩენილია 13 კერძო სტაციონარი, რომელსაც საერთაშორისო აკრედიტაცია აქვთ მოსაპოვებელი.

“დარჩენილია რამდენიმე საჯარო დაწესებულება და 13 კერძო ორგანიზაცია. ზოგიერთ შემთხვევაში რამდენიმე არის მონოპროფილური ორგანიზაციაა, თუმცა მნიშვნელოვანი სამედიცინო სერვისის მიმწოდებელი, მაგალითად რეგიონში, და ასევე, დაწესებულებები, რომლებიც რეგიონული მასშტაბით შეიძლება იყოს სერვისის ერთადერთი მიმწოდებელი. მათ აქვთ სპეციფიკური პრობლემები, რომელიც საჭიროებს სპეციფიკურ მიდგომასაც.

ამიტომ ჩვენ შევეცდებით და მზად ვართ, რომ მივიღოთ გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც გარკვეული დამატებითი ვადები და შესაძლებლობები მიეცემათ მათ.

თუმცა, ეს მექანიკური გადავადება არ იქნება. რეალურად ალბათ განხორციელდება გარკვეული პერიოდულობით ანგარიშგების ვალდებულება და ვინც შეძლებს მომდევნო უახლოეს პერიოდში წარმოადგინოს საერთაშორისო აკრედიტაციაზე დაწყებული პროცესის დამადასტურებელი დოკუმენტი და შემდგომ გარკვეული პერიოდულობით უჩვენოს პროგრესის მაჩვენებელი, მზად ვართ შეღავათი გავუწიოთ ამ ორგანიზაციებს. შეღავათი იქნება ის, რომ მათ არ შეუჩერდებათ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილეობა“, - განაცხადა სარჯველაძემ bm.ge-ის შესაბამისი კითხვის პასუხად.

ცნობისთვის, კლინიკებისთვის საერთაშორისო აკრედიტაციის აუცილებლობაზე ჯანდაცვის სამინისტრო 2022 წლიდან საუბრობს. პირველ ეტაპზე სტანდარტებზე მორგების ვადად 2025 წელი განისაზღვრა. 2024 წლის 31 დეკემბრის მთავრობის დადგენილების მიხედვით კი, ვადები გახანგრძლივდა და ამბულატორიებს ვადა 2025 წლის ბოლომდე მიეცათ, სტაციონარულ დაწესებულებებს კი 1 მაისამდე. დღევანდელი ბრძანებით, კი ამ ვადამ სტაციონარების შემთხვევაში 15 ივნისამდე გადაიწია.

აღსანიშნავია, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართულ სამედიცინო დაწესებულებებს, რომლებიც აკრედიტაციას ვერ გაივლიან, პროგრამის დატოვება მოუწევთ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები