საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, სტეფანწმინდა-გველეთის 4.5-კილომეტრიან საგზაო მონაკვეთზე გვირაბის გაყვანის სამუშაოები უკვე დასრულდა. დღეს ადგილზე მიმდინარე სამუშაოები ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ, რეგიონული განვითარების მინისტრმა კახაბერ გულედანმა და სომხეთის ინფრასტრუქტურის მინისტრმა დავით ხუდათიანმა დაათვალიერეს.
პროექტი მოიცავს 4.5 კმ-იანი ახალი, ორზოლიანი გზის, ორი ხიდისა და ორი გვირაბის მშენებლობას. ამ ეტაპზე უკვე დასრულებულია ერთ-ერთი გვირაბის გაჭრა და მიმდინარეობს ხიდებისთვის საძირკვლებისა და ხიმინჯების მოწყობის სამუშაოები.
აღსანიშნავია, რომ ამ მონაკვეთზე შენდება საქართველოში ყველაზე გრძელი ხიდი - 2 კილომეტრზე მეტი სიგრძის საინჟინრო კონსტრუქცია, რომლის მოწყობა განსაკუთრებულ ტექნიკურ გადაწყვეტილებებს საჭიროებს.
სტეფანწმინდა–გველეთის მონაკვეთი E117 საერთაშორისო მარშრუტისა და ჩრდილოეთ–სამხრეთის დერეფნის ნაწილია, რომლის უსაფრთხოების თანამედროვე სტანდარტებით გაუმჯობესება მნიშვნელოვანია ქვეყნის და რეგიონის ეკონომიკური და სატრანზიტო განვითარებისათვის. პროექტის განხორციელება მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს გადაადგილების უსაფრთხოებას წლის ნებისმიერ პერიოდში.
სტეფანწმინდა–გველეთის მონაკვეთის მშენებლობის პროექტს საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს. სამუშაოების სავარაუდო ღირებულება 215.5 მილიონი ლარია, ხოლო დასრულება 2027 წლისთვის არის დაგეგმილი. პროექტს China Railway Tunnel Group Co აშენებს, რომელთანაც კონტრაქტი 2024 წლის ივლისში გაფორმდა.
ამ გზის ფარგლებში ორი ესტაკადა და ორი გვირაბი აშენდება, მათი პარამეტრები ასეთი იქნება:
- ხიდი/ესტაკადა N1 მდ.თერგზე - სიგრძე 2018 მეტრი (საქართველოში ყველაზე გრძელი);
- ესტაკადა N2 - სიგრძე 636 მეტრი;
- გვირაბი N1 - სიგრძე 460 მეტრი;
- გვირაბი N2 - სიგრძე 846 მეტრი.
მთლიანობაში გვირაბებსა და ესტაკადაზე დაგეგმილი საპროექტო მანძილის 88% მოდის, სწორედ ამის გამო, ერთი კილომეტრის აშენება ბიუჯეტს 47 მილიონი ლარი დაუჯდება, რაც გზის ყოველ მეტრზე 47,232 ლარს შეადგენს.




























